რეაქტიული ავიაციის პირველი პარადი მოსკოვში (1947 წლის 1 მაისი)

ალექსანდრ იაკოვლევს თავის წიგნში “ცხოვრების მიზანი” აღწერილი აქვს რეაქტიული თვითმფრინავების წარმოებისა და მათი პირველი პარადისთვის მზადების ამბები.

როგორც ცნობილია, 1946 წლის 7 ნოემბერს ასეთი პარადი არ შედგა უამინდობის გამო. ‘მხოლოდ 1947 წლის 1 მაისს იხილეს მოსკოველებმა პირველად წითელი მოედნის თავზე თავიანთი სამშობლოს რეაქტიული პირმშოები,” იგონებს იაკოვლევი.

წიგნში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ სად, რომელი ქარხნის კოლექტივმა აითვისა და დაამზადა ეს თვითმფრინავები.

ალექსანდრ სეერგეევიჩს კარგად ვიცნობდი. მასთან კეთილი ურთიერთობა მისი სიცოცხლის ბოლომდე არ გამიწყვეტია.

ახალგაზრდა ინჟინერ-ტექნოლოგმა პირველად იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროში დავიწყე მუშაობა 1938 წელს.

ერთხელ ვუსაყვედურე კიდეც – რატომ არ მიანიშნებ შენს წიგნში იმ კოლექტივზე, სადაც პირველად იქნა ათვისებული რეაქტიული თვითმფრინავების წარმოება-მეთქი, თუმცა ვიცოდი, რომ მასზე არ იყო ეს დამოკიდებული. მაშინ სამხედრო ქარხნების ადგილმდებარეობა სასტიკ საიდუმლოდ ითვლებოდა, მათი მისამართი კი საფოსტო ყუთების ნომრებით აღინიშნებოდა...

...დღეს კი მინდა მოვიგონო ზოგიერთი რამ იმ გრანდიოზული საჰაერო პარადის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია მაშინ მსოფლიოში.

ომი დამთავრდა! უდიდესი ტვირთი, ფიზიკური თუ სულიერი, რომელსაც თან ვატარებდით, უცბად მოგვეხსნა და სიმსუბუქის ნაცვლად საშინელი, მძიმე დაღლა ვიგრძენით, დაღლა და ერთგვარი დაბნეულობა – არ ვიცოდით, რას გავაკეთებდით შემდგომში. არც ზემოდან გვეუბნებოდნენ რამეს – ალბათ სამინისტროშიც იყო დაბნეულობა. შრომით კოლექტივს ერთი შესანიშნავი თვისება აქვს: გუმანით გრძნობს, რა ხდება “ზემოთ” და მგრძნობიარე ხელსაწყოსავით სულ მცირე რყევასაც კი აღიქვამს.

ომის საშინელებანი და მისი შედეგები თვალწინ გვედგა. ჯერ კიდევ ბოლავდა გადამწვარი ქალაქები და სოფლები, ფაბრიკები და ქარხნები. ნუთუ კიდევ საჭირო იქნება სამხედრო ავიაცია? ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ მოკლე ხანში კაცობრიობა კიდევ უფრო სასინელი ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა!

მასალა და ნედლეული საკმარისი გვქონდა და კოლექტივმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოსახლეობისათვის საჭირო საგნების წარმოება. ვუშვებდით ალუმინის ქვაბებს, საბავშვო ველოსიპედებს, სათამაშოებს და ბევრ სხვა წვრილმანს, რაზედაც დიდი მოთხოვნილება იყო. მაგრამ განა შეგვეძლო ასეთი პროდუქციით დაგვეტვირთა მრავალათასიანი კოლექტივი?

1945 წლის შემოდგომაზე ხმა დაირხა, ქარხანა სამგზავრო ავტობუსებს გამოუშვებსო. ამის თაობაზე მითითებაც მივიღეთ სამინისტროდან. ერთი ასეთი ავტობუსი (უცხოეთიდან შემოტანილი) გამოგვიგზავნეს კიდეც. იგი იმ დროისთვის მეტად კომფორტაბელური იყო და 40 მგზავრს იტევდა.

სასწრაფოდ შევუდექით ნახაზების შედგენას. ავტობუსების წარმოება თითქოს ახლოს იყო ჩვენი ქარხნის პროფილთან. მე ავტობუსების საამქროს ჩამოყალიბება დამევალა. სამუშაო ადგილად ფუზელაჟის საამქრო ავირჩიეთ. დავიწყეთ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და მუშების შერჩევა. ქარხანაში ახალი საქმე გაჩნდა და დაიწყო ისევ სადისპეჩერო თათბირები, კონტროლი ყოველდღიურ მუშაობაზე, წარმოების საჭირბოროტო საკითხებზე. დაიწყო ჩვენი საამქროსთვის ასაწყობი სტაპელების დაპროექტება და დამზადება. მაგრამ საქმე არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. ადვილი როდი ყოფილა პროფესიის გამოცვლა.

ამ დავიდარაბაში გავიდა 1946 წლის პირველი ნახევარი. შემდეგ? შემდეგ მოხდა ის, რასაც არ ველოდით. შეიცვალა საერთაშორისო ვითარება. ჩვენ ცოტა არ იყოს გულუბრყვილოდ გვჯეროდა ეკრანებიდან ჩერჩილისა და ტრუმენის მომღიმარი სახეებისა პოტსდამის კონფერენციაზე. ასე გვეგონა, კავშირი და ურთიერთთანადგომა უფრო გამტკიცდებოდა.

მაგრამ ჩერჩილი წინააღმდეგი შეიქნა დასავლეთის ფრონტზე ტყვედ დანებებული გერმანული ჯარების განიარაღებისა – იქნებ დაგვჭირდესო ახალ ომში.

ტრუმენი 1945 წლის დეკემბერში კონგრესს მოახსენებდა – გამარჯვებამ ჩვენ დაგვაკისრა მუდმივი პასუხისმგებლობა მსოფლიოს ხელმზღვანელობაზეო.

ვინ დაიწყო “ცივი ომი?’ ამაზე ისტორია დუმს. ყოველი პასუხი – ახალი “აღმოჩენა” კი კონიუნქტურას ეყრდნობა და ამიტომ როგორც ყოველთვის, სიცრუეა.

არავითარი ავტობუსები, შეწყდეს ყოველგვარი მუშაობა ავტობუსზე! - იყო მკაცრი მითითება სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისა.

ავტობუსის წარმოებაზე მუშაობა შეწყდა (შემდგომში ასეთი ავტობუსების წარმოება დაიწყო მოსკოვის საავტომობილო ქარხანამ “ზისის” სახელწოდებით), მაგრამ სამაგიერო არაფერი ჩანდა. ქარხანაში სიწყნარე ჩამოვარდა. ვისარგებლე ამ ვითარებით და მრავალი წლის განმავლობაში პირველად დასასვენებლად წავედი.

ერთი თვის შემდეგ ქარხანაში რომ დავბრუნდი, შემოსასვლელშივე ვიგრძენი უცნაური გამოცოცხლება. რაღაც უცნაურ ძალას მოეყვანა მოძრაობაში დაზგებიც და ადამიანებიც. ყველას საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა და თითქოს ჩემთვის არავის არ ეცალა.

საამქროებს გავუყევი. ჯერ დამამზადებელი საამქროები გავიარე, შემდეგ ფრთების ასაწყობ საამქროს მივუახლოვდი. საამქროდან პნევმოჩაქუჩების და მოქლონების ნაცნობი ხმაური ისმის. საამქრო მთელი დატვირთვით მუშაობს. ერთი თვის წინ აქ კაცის ჭაჭანება არ იყო.

ეს ხომ ჩემი მშობლიური საამქროა… აქ დავიწყე მუშაობა 1942 წლის ზაფხულში, რუსეთის ერთერთი (სარატოვის მ.კ) საავიაციო ქარხნიდან გადმოყვანის შემდეგ. აქ ვაწყობდით ლავოჩკინ – გარბუნოვის “ლაგ-3”-ის ცენტროპლანსა და ფრთებს... ძნელი დრო იყო. ჩვენი ქარხანა ხომ ერთადერთი იყო, რომელიც კავკასიის ფრონტს საბრძოლო თვითმფრინავებს აწვდიდა. ერთი წლის შემდეგ კი “იაკებზე” გადავედით. აქ ავითვისეთ პირველად ჩვენთან “იაკ-3”-ის ლითონის ფრთების წარმოება. აქ მივიღე პირველი ლენინის ორდენი.

შემდეგი საამქრო ფუზელაჟებისაა. ავტობუსის სტაპელები მოუჭრიათ, იატაკი მოუსწორებიათ, საამქროში უჩვეულო ხალხმრავლობაა უცნაური ფუზელაჟის გარშემო. ფუზელაჟის კარკასზე სიგარის მსგავსი აგრეგატია დაკიდებული. ეს ხომ რეაქტიული ძრავაა, იგი მე ფოტოსურათზე მინახავს. ამ უცნაურ აგრეგატს შემოსევიან ყველანი – მუშები, კონსტრუქტორები, ტექნოლოგები. ვხედავ იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროდან ჩამოსულთა – ადლერის, სინელნიკოვის, გრიგორიევის ნაცნობ სახეებს, ჩვენი ქარხნის წამყვან და რიგით კონსტრუქტორებს და ტექნოლოგებს.

აქ გავიგე ყველაფერი. ქარხანას მიუღია ახალი დავალება – აითვისოს და დაამზადოს რეაქტიული თვითმფრინავები, გამოსცადოს და მოამზადოს ისინი საჰაერო პარადისათვის, რომელიც შედგება წითელ მოედანზე 1946 წლის 7 ნოემბერს. ამ მიზნით ქარხანაში ჩამოსულია მთავრობის კომისია სპეციალური დავალებით.

იაკოვლევი იგონებს:

“მიქოიანი და მე კრემლში გამოგვიძახეს. მოკლე საუბარი გვქონდა, წარმატება მოგვილოცეს და შემდეგი წინადადება მოგვცეს: არტემ ივანოვიჩ მიქოიანი და პინისტრის მოადგილე პიოტრ ვასილიევიჩ დემენტიევი დაუყოვნებლივ უნდა გამგზავრებულიყვნენ ერთ ქარხანაში, ხოლო მე და მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ივანოვიჩ კუზნეცოვი – მეორეში. ჩვენ დაგვავალეს აგვევგო და ფრენით გამოგვეცადა 10 -15 “იაკ-15” და “მიგ-9” რეაქტიული თვითმფრინავი. ამ თვითმფრინავებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ საჰაერო პარადში წითელ მოედანზე ოქტომბრის დღესასწაულის დროს. გვითხრეს – ვიდრე დავალებას არ შეასრულებთ, მოსკოვში არ დაბრუნდეთო.”

ეს ხომ ფანტასტიკაა! ასეთი დავალება ასეთ მოკლე დროში? მაგრამ ის, რაც ქარხანაში ამ ერთ თვეში გაკეთებულა, ესეც ხომ ფანტასტიკურია! ფუზელაჟის მაკეტი მოსკოვიდან ჩამოუტანიათ, როგორც თვალსაჩინოების საშუალება, მის გვერდით კი იკრიბება ფუზელაჟი No 1 ქარხანაში დამზადებული დეტალებით.

ა. იაკოვლევი იგონებს: “ყველაფერი დამოკიდებული იყო ადამიანების, სერიული ქარხნისა და ჩვენი საკონსტრუქტორო ბიუროს მუშაკების კეთილსინდისიერებაზე… ადამიანები ისეთი ენთუზიაზმით მუშაობდნენ, რომელიც ჯერ არ მენახა. ყოველდღიურად, ზუსტად გეგმის მიხედვით იბადებოდნენ საამქროებში ჩვენი რეაქტიული თვითმფრინავები. ჭეშმარიტად ამოუწურავია ადამიანთა შესაძლებლობები, თუ მათ ჩინებულად იციან თავიანთი საქმე, გაერთიანებულნი არიან ერთ კოლექტივად და აქვთ საკუთარი თავის რწმენა.”

აი ასეთი დამხვდა ქარხანა და მისი კოლექტივი 1946 წლის სექტემბერში. მთელი დღე საამქროდან საამქროში დავდიოდი, არავითარი დავალება არ მქონდა. ის კი გავიგე, რომ თათბირები ტარდება მეხუთე საამქროში. ამ თათბირებს რიგრიგობით მინისტრის მოადგილე ა. კუზნეცოვი და ქარხნის დირექტორი ვ. სალაზე ატარებდნენ. თათბირი ღამის 12 საათზე იწყება და მეც უნდა დავესწრო.

ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო თათბირი. დაიწყო იგი წინა თათბირის დავალებების შესრულების შემოწმებით, რასაც 20 წუთი დასჭირდა. ყველა დავალება შესრულებული იყო. შემდეგ დაიწყო ახალი დავალებების მიცემა. დავალებებს ა.კუზნეცოვი იძლეოდა, შემსრულებელთა გვარებს ვ. სალაძე ასახელებდა. ერთ-ერთი დავალების შემსრულებლად სალაძემ ჩემი გვარი დაასახელა. თბირმა ერთ საათს გასტანა. ამის შემდეგ რეგულარულად ვესწრებოდი თათბირებს და ახალ-ახალ დავალებებს ვღებულობდი.

და აი, დადგა სანატრელი დღე: პირველი “იაკ-15”, ახალშეღებილი, წითელი ვარსკვლავებით ფრთებქვეშ და კილზე სამღებრო საამქროდან ქარხნის ეზოში გამოვაგორეთ. ყველას უნდოდა დაენახა და ხელით შეხებოდა ამ უცნაურ, უჩვეულო, უპროპელერო თვითმფრინავს. როგორ გაგორდება მიწაზე? ან როგორ იფრენს?

“ჩვენ რომ სასწაულის გვჯეროდეს, ყოველივე ამას სასწაულს ვუწოდებდი” - იგონებს იაკოვლევი ამ მომენტს - “მაგრამ გვწამს არა სასწაულისა, არამედ ადამიანის ძალისა, მისი ხელების ძალისა. ამ ოქროს ხელებმა გააკეთეს ის, რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა; მათ თითქმის სასწაული მოახდინეს.”

ქარხნის დირექტორი ღიმილით შემხვდა. მაშ რაღაც ახალ უნდა ველოდე. ერთ საათში მასთან გამოვცხადდი.

კაბინეტში ა.კუზნეცოვი, ა. იაკოვლევი და ვ. სალაძე იყვნენ. წინადადება მომცეს, შემედგინა ბრიგადა და დილით მოსკოვში გავფრენილიყავი. აქვე გავიგე, რომ დაიშლება პირველი თვითმფრინავი და სპეციალური კონტეინერებით, ჩქარი მატარებლით გაიგზავნება მოსკოვში. მოსკოვში გაიგზსვნება აგრეთვე ყველა დანარჩენი თვითმფრინავი. იქ მოხდება მათი ხელმეორე აწყობა, საჰაერო გამოცდა და პარადისთვის მომზადება. ჩვენი ქარხნის აეროდრომი მაშინ არ იყო მოწყობილი რექტიული თვითმფრინავების გამოსაცდელად.

დილის 6 საათზე სამინისტროს სამგზავრო “დუგლასი” ქარხნის აეროდრომზე გველოდა. რამდენიმე საათის ფრენის შემდეგ მოსკოვის ახლოს, სპეციალურ აეროდრომზე დავჯექით. აეროდრომი ფაქტიურად საცდელ – საფრენ, საკვლევ ბაზას წარმოქდგენდა და შესანიშნავად იყო მოწყობილი; ბეტონის თანამედროვე ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი, უზარმაზარი ანგარები, კარგად აღჭურვილი სახელოსნოები. ჰყავდათ მაღალი კვალიფიკაციის მუშები და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რეაქტიული თვითმფრინავების გამომცდელი მფრინავები. ზოგიერთ მათგანს საინჟინრო განათლებაც ჰქონდა. მფრინავი სულ რამდენიმე იყო: ანოხინი, გაიდაი, ივანოვი და სამხედრო მფრინავებიდან სტეფანოვსკი, სავიცკი და პალუნინი. ესენი ცდიდნენ “იაკ” “ლა” და “მიგ” რეაქტიულ თვითმფრინავების ახალ ნიმუშებს. აქვე უნდა მომზადებულიყო ახალი კადრები რეაქტიული ავიაციისათვის, რისთვისაც სერიულ რეაქტიულ თვითმფრინავებს ელოდნენ. ჩვენ ქარხანას მაშინ ჰყავდა შესანიშნავი გამომცდელი ფრინავები: ფოკინი, ბარკალაია, აბრამიშვილი, გოცირიძე, თუმცა რეაქტიულ ავიაციაში ჯერ გამოცდილება არ ჰქონდათ.

აეროდრომზე მუშაობის ყველა პირობა შეგვიქმნეს, პირველი თვითმფრინავებიც მალე მივიღეთ თბილისიდან. ვაგონიდან გადმოვტვირთეთ, ანგარში შევიტანეთ და ავაწყვეთ. მერე გარეთ გამოვაგორეთ და რეაქტიული ძრავის დამუშავება დავიწყეთ. პირველი მანქანის დამუშავებაში იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მექანიკოსები გვეხმარებოდნენ. რეაქტიული ძრავის მუშაობა რამდენჯერმე შევამოწმეთ, რეჟიმი დავადგინეთ, ზოგიერთი კორექტირებაც მოვახდინეთ. თვითმფრინავი ჰაერში გამოსაცდელად მოვამზადეთ და სტარტზე გავიყვანეთ.

ყველანი ვღელავდით. მე განსაკუთრებით, რადგან დამაზადებელი ქარხნის წარმომადგენელი ვიყავი. კაბინაში იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს გამომცდელი მფრინავი ივანოვი ჩაჯდა. მაშინ რეაქტიული ძრავის ამუშავება ხდებოდა ტურბინაზე დამაგრებული ბენზინის ერთცილინდრიანი პატარა ძრავას საშუალებით, რომელიც ძრავას კოჭზე დახვეული ლითონის წვრილი ბაგირით იშვებოდა მექანიკოსის მიერ. ჩვენ მას “დვიჟოკს” ვეძახდით.

აი მექანიკოსმა დაჭიმა ბაგირი და “დვიჟოკი” ახმაურდა, შემდეგ რეაქტიული ძრავა ჩაირთო.

მფრინავმა ძრავა ნელ-ნელა გადაიყვანა მაქსიმალურ რეჟიმში. შასის ბორბლებს ლითონის საბრჯენები გამოვაცალეთ. ივანოვმა მუხრუჭები შეამოწმა, შემდეგ საჭეები და ელერონები, აუშვა მუხრუჭები. მანქანა გაგორდა ასაფრენ ბილიკზე და მოედნის ბოლომდე მივიდა. რაშია საქმე? რატომ არ აფრინდა? მანქანა უკან გამობრუნდა, ივანოვმა მარჯვენა ხელის აწეული ცერი გვიჩვენა. მაშ ყველაფერი რიგზეა. შემდეგ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით დააყენა, მთელი გაზი მისცა და მანქანა მოედნის შუაგულიდან ჰაერში აიჭრა, აეროდრომის თავზე წრე გააკეთა და დასაფრენად დაეშვა, შასის ბორბლები მოედანს დააკრა და ზუსტად დანიშნულ ადგილზე გაჩერდა. ყველანი თვითმფრინავისკენ გავიქეცით. მფრინავის გაღიმებული სახე და მაღლა აწეული ცერი მიგვანიშნებდა, რომ პირველი სერიული რეაქტიული თვითმფრინავის გამოცდამ კარგად ჩაიარა. მიხეილ ივანოვი, საბჭოთა კავშირის გმირი, ტექნიკურად განათლებული, დიდად გამოცდილი და უშიშარი მფრინავი იყო - ამავე დროს თავმდაბალი, კეთილი და ჩვილი გულის პატრონი. ჩვენ დავმეგობრდით. სამწუხაროდ ეს მეგობრობა მალე შეწყდა. იგი სამი წლის შემდეგ დაიღუპა თვითმფრინავის გამოცდის დროს.

ერთი ამბავი გამახსენდა ივანოვთან დაკავშირებით. ერთხელ მან აეროდრომზე დაბალი, ჩაფსკვნილი, სანდომიანი სახის ახალგაზრდა კაცი გამაცნო. მითხრა, ეს ის კაცია, ამერიკაში “კობრებს” რომ ამტვრევდაო.

ომის დროს ჩვენი ქვეყანა ამერიკიდან თვითმფრინავ-გამანადგურებლებს “აეროკობრებს” იღებდა. ამ მანქანებს მრისხანე სახელი ჰქონდა, სახმარად კი, როგორც მფრინავები ამბობდნენ, დიდი ვერაფერი შვილი იყო. რამდენიმემ კატასტროფაც განიცადა ჰაერში.

თვითმფრინავის კილი კონსტრუქციულად სუსტი ყოფილა და გადატვირთვის დროს, რასაც როგორც წესი, ადგილი აქვს საჰაერო ბრძოლებში, იგი თავისით იმტვრეოდა ჰაერში.

ჩვენი პრეტენზიებისგან პირველად ამერიკელებს თავი შორს დაუჭერიათ. ფირმა ამტკიცებდა, ყველაფერი რიგზეაო. ბოლოს, არაფერმა რომ არ გაჭრა, ჩვენს სარდლობას გადაუწყვეტია ამერიკაში გაეგზავნათ მფრინავი, რომელიც ადგილზე დაასაბუთებდა პრეტენზიების მართებულობას. ჰოდა ეს ჩემი ახლადგაცნობილი მფრინავი ამერიკაში ჩაფრენილა. ფედერალურ კომისიას აეროდრომზე სამი “აეროკობრა” დაუხვედრებია. ჩამჯდარა თვითმფრინავში, ჰაერში აჭრილა, რამდენიმე რთული საჰაერო პილოტაჟი შეუსრულებია და პიკირებიდან გამოსვლისას ისეთი გადატვირთვა განუვითარებია, რომ თვითმფრინავი ჰაერში დაშლილა, თვითონ კი პარაშუტით დაშვებულა. ვიდრე კომისია გონს მოეგებოდა, მეორე თვითმფრინავში ჩამჯდარა, ისიც ასევე დაუშლია ჰაერში და როცა პარაშუტით ძირს დაშვებულა, კომისიის წევრები გონს მოგებულან და მესამე თვითმფრინავისკენ გაქცეულან, როგორმე მესამე მაინც გადავარჩინოთო დამსხვრევას.

ამას ისეთი იუმორით ყვებოდა, რომ უდიდესი სიმპათიით და პატივისცემით განვიმსჭვალე ამ უშიშარი ადამიანის მიმართ.

ამის შემდეგ სასწრაფოდ ნახაზები შეუდგენიათ და ფირმის ხარჯზე ყველა კილის ლონჟერონები გაუმაგრებიათ ჩვენს სამხედრო ნაწილებში.

პირველი თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ რეგულარულად დაიწყო თვითმფრინავების მოწოდება. გაჩაღდა მუშაობა. კვალიფიციურ მუშებს სხვადასხვა ქარხნიდან გვახმარდნენ. მუშაობა დღეღამის განმავლობაში არ წყდებოდა. მუშაობაში ბევრი სიძნელე გვქონდა. რეაქტიული ძრავები ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი და მისი ნორმის ფარგლებში დაყვანა და დარეგულირება დიდ შრომასა და მაღალ პროფესიულ ოსტატობას მოითხოვდა. დამატებით სიძნელეებს გვიქმნიდა ახალი საწვავი – ნავთი, რომელსაც ყველგა გაჟონვის საოცარი უნარი აქვს.

თვითმფრინავებს ანოხინი და ივანოვი ცდიდნენ, ხოლო სამხედრო ნაწილის წარმომადგენელი ივანე პოლუნინი ცდიდა და კიდევაც იბარებდა თვითმფრინავებს.

იაკოვლევი ასე იგონებს: “ აეროდრომი იმ დღეებში უცნაური სანახავი იყო: არც თუ ისე ნაცნობი გარეგნობის, უპროპელერო თვითმფრინავები ხაზზე ჩამწკრივებულიყვნენ, მათ თავს დასტრიალებდა უამრავი მექანიკოსი და მფრინავი, სამოქალაქო თუ სამხედრო.”

7 ნოემბრამდე ცოტა დრო რჩებოდა. ამ დროში უნდა მოგვესწრო თვითმფრინავების ფრენით გამოცდა. ზემოდან ყველანაირი დახმარება გვქონდა. ყველა საკითხი ოპერატიულად წყდებოდა. მუშაობის გრაფიკზე სასტიკი კონტროლი იყო დაწესებული. მთავრობის დავალება წარმატებით შესრულდა. 10-15 ის ნაცვლად ქარხანამ მოსკოვში 19 “იაკ-15” გამოგზავნა. სამხედრო მფრინავების მომზადებაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. ამ საქმეს პოლკოვნიკი ივანე პოლუნინი ედგა სათავეში.

ერთი ასეთი ამბავი მაგონდება. ახალგაზრდა სამხედრო მფრინავი ჩვეულებრივი საწვრთნელო ფრენისას თვითმფრინავიდან გადმოხტა და პარაშუტით დაეშვა მიწაზე, თვითმფრინავი კი მოსკვა-რეკის მიდამოებში დაიმსხვრა. როგორც თავად განაცხადა, იგი იძულებული იყო თვითმფრინავიდან გადმომხტარიყო, რადგან მანქანის კუდის ნაწილში კვამლის ბოლქვი და ალი შენიშნა. მფრინავის ეს მოქმედება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად და მამაცობად ჩათვალეს (განა მამაცობა არ იყო რეაქტიული თვითმფრინავიდან პირველი გადმოხტომა?), რისთვისაც წოდებით წინ რიგგარეშე წასწიეს და სხელობითი საათით დააჯილდოვეს. სახეგაბრწყინებული შემხვდა. მე რა თქმა უნდა, მივულოცე წარმატება და ხუმრობანარევი სერიოზულობით ვურჩიე ახალი ჯილდოსათვის კვლავ არ გადმომხტარიყო თვითმფრინავიდან.

კაბინიდან მფრინავის კატაპულტირება მაშინ დანერგილი არ იყო. პირველად სტენდზე ვნახე ასეთი გამოცდა 1947 წლის თებერვალში. ა. კუზნეცოვმა თავისთან გამომიძახა და მითხრა – ახლა ჩემთან წამოხვალ და საინტერესო რამეს გაჩვენებო. ყველაზე დიდ ანგარში შევედით. ანგარის შუაში აღმართული იყო ლითონის შველერებისგან გაკეთებული ფერმა – სახანძრო კიბის მსგავსი. კიბე – ფერმა 45 გრადუსის დახრით ასე 30 მეტრის სიმარლეზე იყო აზიდული. იატაკთან შველერებზე დამაგრებულ სპეციალურ სკამზე იჯდა ახალგაზრდა კაცი, უფრო სწორად იგი თასმებით იყო მიმაგრებული სკამის ზურგზე. იქვე იყვნენ თეთრხალათიანი სამედიცინო პერსონალი და კომისიის წევრები. 20 მეტრის სიმაღლეზე შველერებზე დამაგრებულ ვიწრო ფიცარნაგზე თეთრხალათიანი კაცი და ქალი იდგნენ.

პროჯექტორის შუქზე ახალგაზრდა კაცის სახე ფერმკრთალი ჩანდა. ანგარში გამეფებულ სიჩუმეს კინო- და ფოტოაპარეტების ჩხაკუნი არღვევდა. უეცრად გაისმა სიგნალი და ანგარი გამაყრუებელმა აფეთქების ხმამ მოიცვა. სკამის ქვეშ პიროპატრონა აფეთქდა. შველერებზე დამაგრებული სკამი თავისი მგზავრით 20 მეტრის სიმაღლეზე ავარდა და ზედა ფიცარნაგის შველერებში გაიჩხირა. ფიცარნაგზე მდგარი თეთრხალათიანები მისცვივდნენ მთლად გაფითრებულ კაცს და სინჯვა დაუწყეს.

შთაბეჭდილება უდიდესი იყო. მანამდე ასეთი გამოცდები ბალასტით სავსე ტომრებზე ტარდებოდა. იყო ეჭვიც – აიტანდა თუ არა ასეთ დატვირთვას ადამიანის ორგანიზმი… საბედნიეროდ ყველაფერი კეთილად დამთავრდა.

ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მოსკოვში ა. კუზნეცოვი და ვ. სალაძე ჩამოვიდნენ და დიდი დახმარებაც გაგვიწიეს.

“7 ნოემბერს, ადრე დილით, ყველა მანქანა მოსკოვის ერთ-ერთი აეროდრომის ხაზზე იდგა და მზად იყო გასაფრენად. ყველა სამხედრო მფრინავი კარგად მოამზადეს. თითოეულმა მათგანმა უკვე რამდენიმე გაფრენა მოასწრო თავისი მანქანით. ერთად, მწყობრად ფრენაშიც ივარჯიშეს. განა ეს სასწაული არ არის?” - იგონებს იაკოვლევი.

მაგრამ ამინდი? რძისფერი ღრუბლები ფარავდნენ აეროდრომს. იმ დღეს საჰაერო პარადი არ შემდგარა, მაგრამ ჩვენმა “იაკებმა” უდიდესი როლი შეასრულეს სამხედრო მფრინავების მომზადების საქმეში.

ასე დაიწყო რეაქტიული ავიაციის ერა.

გაითვალისწინეს რა, რომ თბილისელმა თვითმფრინავმშენებლებმა ბრწყინვალედ შეასრულეს მთავრობის დავალება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩვენი ქარხანა მთლიანად გადაეყვანათ რეაქტიული თვითმფრინავების სერიულ წარმოებაზე. ამავე დროს ქარხნის კოლექტივმა მიიღო საგანგებო დავალება: საავიაციო პარადისთვის, რომელიც უნდა შედგეს 1947 წლის 1 მაისს ააგოს, გამოსცადოს და მოამზადოს 75 “იაკ-15.”

დიდმა, საპასუხისმგებლო დავალებამ არაფრთოვანა ქარხნის კოლექტივი, შემატა მას ძალა და ენერგია. გატარდა მთელი რიგი კონსტრუქციული ცვლილებები ექსპლოატაციაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. საჭირო გახდა ახალი ტექნოლოგიის დამუშავება და ახალი მოწყობილობების დამზადება არა მარტო ერთჯერადი დავალების შესასრულებლად, არამედ სერიული წარმოების უზრუნველსაყოფად.

1947 წელს გათვალისწინებული იყო “იაკ-15”-ის აღჭურვა ახალი სამამულო რეაქტიული ძრავით, რომლის სერიული წარმოება დაევალა ერთერთ ქარხანას. ეს ძრავა უფრო მძლავრი და უფრო მოხერხებული უნდა ყოფილიყო ექსპლოატაციაში.

ტემპები ასეთი იყო: ექვს თვეში ახალი რეაქტიული ძრავის გამოშვების ათვისება და და მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვება! ჩვენ მიჩვეულები ვიყავთ ასეთ “სასწაულებს.”

მე, როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე, 1947 წლის იანვრის პირველ რიცხვებში ისევ მიმავლინეს მოსკოვში - ისევ იქ, ჩვენთვის ცნობილ საფრენოსნო ბაზაზე. ამჯერად ამოცანა უფრო რთული იყო: ჯერ ერთი, რაოდენობრივი მხარე – ქარხანამ მიიღო 80 თვითმფრინავის დამზადების დავალება, აქედან 75 მონაწილეობას მიიღებდა პარადში, 5 სარეზერვოდ იყო გათვალისწინებული. მეორე: ქარხანაში თვითმფრინავების აწყობა უნდა მომხდარიყო მაკეტურ ძრავაზე, ამიტომ საჭირო იყო მასთან დაკავშირებული დეტალების მორგება დროებითი ტექნოლოგიით, ძრითადი ძრავები კი მოსკოვში უნდა მიგვეღო ძრავების ქარხნიდან სატვირთო თვითმფრინავებით. ყოველივე ეს გამოიწვევდა ზოგიერთი დეტალის გადაკეთების აუცილებლობას, რასაც მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი დასჭირდებოდა. ჩვენი ბრიგადა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, მცირერიცხოვანი იყო: მფრინავი გამომცდელი ფოკინი, ქარხნის მთავარი ტექნიკური კონტროლიორი შაბანოვი*, ინჟინერი ჩებოტარიოვი, რომელიც აგრეთვე ჩემს მოადგილედ ითვლებოდა. ამას გარდა თან წავიყვანეთ მექანიკოსების ორი ბრიგადა, სამი ამწყობი ზეინკალი, რომელთაც შედუღებაც ეხერხებოდათ. დანარჩენ მუშებს საჭიროების მიხედვით მოსკოვში მოგვახმარდნენ სხვადასხვა საავიაციო ქარხნებიდან, რადგან კვალიფიციური მუშების წაყვანა თბილისიდან აუცილებლად უნდა შეგვეზღუდა ქარხნის საწარმოო ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი ძალიან ძალიან საჭირო იყვნენ ადგილზე.

მოსკოვში ჩასვლა თითქოს ადრე მოგვიხდა. ჯერ არ გველოდნენ. ჩვენ კი დავრწმუნდით, რომ დროულად ჩამოვედით. უამრავი მოსამზადებელი სამუშაო დაგვხვდა. მუშების საცხოვრებლად კლუბი დაგვითმეს აეროდრომის დასახლებაში. რკინიგზის ჩიხში ჩამოყენებულ იქნა სამგზავრო ვაგონები მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ღამის გასათევად.

პირველ ხანებში ძალიან გაგვიჭირდა სურსათის მხრივ. პურის წიგნაკები არ წამოგვიღია და იქაც არ მოგვცეს. წაღებული გვქონდა შავი პურის გამხმარი ნაჭრები და თევზის კონსერვები. პურის ნაჭრები ისე იყო გამომხმარი, რომ ცხელ წყალში დალბობის გარეშე ვერ შეჭამდი, ბაზარზე კი კილოგრამი შავი პური 60 მანეთი ღირდა.

ორი კვირა დასჭირდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. ყველაფერი მოგვარდა, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. მოგვარდა ჩვენი სასურსათო მომარაგების საქმეც. დაიწყო მუშების ჩამოსვლა სხვადასხვა ქარხნებიდან.

ჩვენი ბრიგადა კლუბში მოთავსდა. ვთვლიდით, რომ მოხერხებული იქნებოდა, თუ ძირითად მუშებთან ერთად ვიცხოვრებდით. ამისთვის კლუბის დარბაზში 180 ლოგინი იყო გაშლილი. ვიცოდით, ვისი საწოლი სად იდგა, ყველა იძლეოდა დისციპლინის მაგალითს. საკმარისი იყო, ერთი ვინმეს ფეხზე წამოდგომა, რომ ყველანი აიშლებოდნენ. გაღვიძება არავის არ სჭირდებაოდა, როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო.

ჩვენ ყველაზე ადრე ვდგებოდით და ყველაზე გვიან ვწვებოდით. ა. კუზნეცოვი ჩვენი შეფი გახდა მოსკოვში. ყოველდღე ამოწმებდა ჩვენს მუშაობას. ყველაფერი დამორჩილებული იყო პარადის მზადების საქმეს. არვინ არაფერს არ იშურებდა, არც მასალებს და არც სახსრებს.

კუზნეცოვი თბილისში აღარ წასულა და მთელი სიმძიმე ქრხნის დირექტორს, ვ. სალაძეს დააწვა. არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ამ შესანიშნავ დირექტორზე და ადამიანზე.

იყვნენ ომისდროინდელი დირექტორები, რომელთა სახელები ქუხდა. მათ შესახებ ლეგენდები დადიოდა. ისინი უზარმაზარი ავტორიტეტით და უფლებებით სარგებლობდნენ. მათი ხელმძღვანელობით იჭედებოდა მსოფლიო ისტორიული გამარჯვება ზურგში. ესენი იყვნენ: შენკმანი, ელიანი, ნოსოვი, ლიტვინოვი, ზალცმანი… ამ ლეგენდარული დირექტორების რიცხვს ეკუთვნოდა სალაძეც. ის შესანიშნავად ერკვეოდა ტექნიკურ საკითხებში, დაჯილოებული იყო დიდი ბუნებრივი ნიჭით და ალღოთი, რისი მეოხებითაც შეკრა და შეადუღაბა მრავალათასიანი, მრავალეროვანი კოლექტივი. ამ კოლექტივმა უდიდესი როლი შეასრულა კავკასიის დაცვის საქმეში. ეს ერთადერთი კოლექტივი იყო, რომელიც კავკასიის ფრონტს ამარაგებდა საბრძოლო თვითმფრინავებით. ჩვენი “ლაგები” და “იაკები” მარტო კავკასიას როდი იცავდნენ. სხვათა შორის ჩვენი “იაკები” იცავდნენ ყირიმის კონფერენციას, ჩვენი “იაკებით” გაფრინდნენ “ნორმანდია – ნემანის” მფრინავები განთავისუფლებულ საფრანგეთში.

ქარხნიდან მოდიოდა ეშელონები თვითმფრინავებით, ძრავები კი ხშირად იგვიანებდაi. საფრენი ამინდიც არ გვანებივრებდა. მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის მუშების და დისციპლინის წყალობით ვართმევდით თავს დიდი შრომატევადი სამუშაოს შესრულებას.

მუშაობა მიმდინარეობდა ბრიგადული წესით, განუწყვეტლივ, დღეღამის განმავლობაში. ბრიგადა კომპლექსური იყო და ერთი განწესით მუშაობდა. როცა მანქანაზე პარალელური მუშაობა შეუძლებელი იყო, ბრიგადის ნაწილი ისვენებდა 3-4 საათს დღეღამის განმავლობაში.

ჩვენს თვითმფრინავებს ანოხინი და პოლუნინი ცდიდნენ. ფოკინი ადვილად დაეუფლა რეაქტიულ ტექნიკას და ისიც ჩადგა გამომცდელთა რიგებში. შემდეგში ასევე ადვილად დაეუფლნენ რეაქტიულ ტექნიკას მფრინავი გამომცდელები: ბარკალაია, გოცირიძე და აბრამიშვილი. 20 წუთიან ფრენაში მფრინავი გმომცდელი 1500 მანეთს იღებდა.

როგორც ავღნიშნე, ჩვენმა “იაკებმა” დიდი როლი შეასრულეს სამხედრო მფრინავების მომზადებაში. ამიტომ სამხედრო ნაწილის მფრინავები და მექანიკოსები მომზადებულები იყვნენ მანქანების მისაღებად.

მაგონდება ზოგიერთი მომენტი, რომელიც ახლა შესაძლოა, მიამიტურად მოგვეჩვენოს.

ფრენა შეზღუდული იყო – არავითარი პილოტაჟი, მხოლოდ ჰორიზონტალურად ფრენა! პოლუნინმა ერთხელ აეროდრომის თავზე სულ მცირედ დაარღვია ეს შეზღუდვა, რამაც ჩვენი აღტაცება გამოიწვია, თუმცა ამისთვის უფროსებმა ცოტათი შეახურეს. (შემდგომში მან პირველმა შეასრულა უმაღლესი პილოტაჟის ყველა ფიგურა “იაკ-15”-ით 1947 წლის ტუშინოს პარადზე უამრავი ჩვენი და უცხოელი მაყურებლის წინაშე.)

მაგონდება კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა: ღამის ორი საათი იქნება. კაბინაში ვზივარ და ძრავას მაქსიმალურ რეჟიმში ვამუშავებ – ვამოწმებ მექანიკოსის მონაცემებს. თოვს, პროჟექტორის სინათლეზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ძრავა მთელ თოვლს იწოვს ჰაერთან ერთად. მექანიკოსი კიბეზე ამოვიდა და მკლავების გადაჯვარედინებით მანიშნა, ძრავა გამომერთო.

- მიზეზი?

- კუზნეცოვია ქვემოთ და ჯავრობს, თოვლმა შეიძლება ტურბინა დააზიანოსო.

მე კაბინიდან გადმოვიხედე.

- ალექსანდრ ივანეს ძევ! ჩვენ ისეთ მანქანებს ვაკეთებთ, რომლებიც ყოველგვარ ამინდს გაუძლებენ -მეთქი.

კუზნეცოვმა ხელი ჩაიქნია და წავიდა.

- როგორ, ეწყინა რამე კუზნეცოვს? - ვკითხე მექანიკოსს.

- არა, ისე, გაიღიმა, უცნაური ხალხი ხართო თქვა და წავიდა.

როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი პარადს იყო დაქვემდებარებული. თათბირზე დაყენებული საკითხები დაუყოვნებლივ წყდებოდა. თუმცა ეს იშვიათობა იყო. საჭირბოროტო პრობლემების უმეტესობა როგორც წესი, ოპერატიულად გვარდებოდა დრეღამის განმავლობაში.

ყოველდღიური მუშაობის შედეგი ხსენდებოდა მინისტრ ხრუნიჩევს, რომელიც თავის მხრივ, კრემლში აბარებდა ანგარიშს.

ქარხანაში საქმე კარგად მიდიოდა, მანქანებს რეგულარულად ვიღებდით. უკანასკნელი ეშელონის წინ ვ. სალაძე ჩამოვიდა მოსკოვში და მე შემიმსუბუქდა მუშაობა, იგი დიდი ავტორიტეთით სარგებლობდა არა მარტო სამინისტროში.

ყოველდღიურ დახმარებას გვიწევდა ა. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლობა მისი მოადგილის, ვიგანტის მეთაურობით. ამ ბაზაზე მაშინ მზადდებოდა გამოსაცდელად “იაკ-21”, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდნენ. ჩვენთან მუდმივად იყო ძრავების სპეციალისტი გრიგორიევი.

სამხედრო ნაწილი, რომელიც თვითმფრინავებს იბარებდა, სხვა ადგილზე გადავიდა. იქ წარმოებდა საწვრთნელი ფრენები.

26 აპრილს დავმთავრეთ 80 “იაკ-15”-ის მომზადება, გამოცდა და სამხედრო ნაწილისთვის ჩაბარება.

27 აპრილს ჩვენც გადავედით ახალ აეროდრომზე. აქ ჩვენი მუშაობის ხასიათი შეიცვალა. თვითმფრინავებს ჰყავდა მუდმივი პატრონი – სამხედრო ნაწილი, საკუთარი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით, მექანიკოსებით, მფრინავებით. ჩვენი ვალი მოხდილი იყო, მხოლოდ კონსულტაციის გაწევა შეგვეძლო, თუ ეს საჭირო გახდებოდა. თუმცა მოხდა უცნაური რამ: პარადამდე ორი დღით ადრე ქარხნის წარმომადგენლობას დაევალა შეემოწმებინა ყველა თვითმფრინავი და მიეცა სათანადო დასკვნა. კანონით ჩვენ ეს აღარ გვევალებოდა, რადგანაც აღარ ვიყავით ამ თვითმფრინავების პარონი. მიუხედავად ამისა, ეს დავალებაც შევასრულეთ.

ორი დღე და ღამე თითქმის არ გვიძინია, შევამოწმეთ მანქანების მისადგომი ნაწილები და აგრეგატები. აქა-იქ აღმოჩენილი დეფექტები გავასწორეთ. შემოწმებისას საჭირო გახდა ერთ მანქანაზე ძრავის შეცვლა. ძრავა კი შევცვალეთ, მაგრამ მისი ჰაერში გამოცდა ვეღარ მოვასწარით, 30 აპრილის ღამემ მოგვისწრო. ასე რომ რეზერვში დაგვრჩა ოთხი მანქანა. ამის შემდეგ 79 თვითმფრინავის პასპორტში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი:

“თვითმფრინავი შემოწმებულია და მზადაა საჰაერო პარადში მონაწილეობის მისაღებად წითელ მოედანზე 1947 წლის 1 მაისს. ქარხნის წარმომადგენელი – ჩემი ხელმოწერა.”

გათენებამდე დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი. თვითმფრინავებს შალითები მაინც ჩამოაცვეს და დარაჯები დაუყენეს.

გათენდა 1947 წლის 1 მაისი. 79 მანქანა ჭადრაკულად განლაგდა აეროდრომის მინდორზე, რადგან ასეთი ზომის ასაფრენი მოედანი არ არსებობდა.

“იაკ-15”-ის შასის ბორბლების განლაგება ისეთივე იყო, როგორც ყველა იმდროინდელი თვითმფრინვისა. აფრენისას ორი ბორბალი ფრთებში იხურებოდა, ერთი უკანა ბორბალი – ფუზელაჟის კუდში. უკანა ბორბალი ლითონისგან იყო დამზადებული, რადგანაც ძრავიდან გამონადენი გადახურებული აირები ხვდებოდა. ფუზელაჟის მუცელი ცეცხლგამძლე ფურცლოვანი ფოლადით იყო დაფარული. გადახურებულ აირს შეეძლო ცეცხლი წაეკიდებინა ბალახისათვის, ამიტომ ასაფრენი მინდორი გაიწმინდა ხმელი ბალახისაგან. ასაფენი მოედნის კიდეებზე სატვირთო მანქანები იდგა, თუ ვინიცობაა რომელიმე თვითმფრინავი შეფერხდებოდა, სასწრაფოდ რომ გამოეყვანათ მოედნიდან.

ჩვენ საგანგებოდ მოწყობილ ამაღლებულ ადგილზე ვიდექით, სადაც ტელეფონები და რადიომიმღებები იდგა. ვ. სალაძე წითელ მოედანზე იყო მიწვეული.

დილის 8 საათზე ყველა თვითმფრინავი მზად იყო ასაფრენად და სიგნალს ელოდა. მანქანების წინ მექანიკოსები იდგნენ. მათ უნდა ჩაერთოთ რეაქტიული ძრავები. ყველა მანქანა სამი წუთის განმავლობაში ჰაერში უნდა ყოფილიყო.

ყველანი ვღელავდით. ამინდი შესანიშნავი იყო – მზიანი, თბილი. მოსკოვში 1 მაისი ხშირად სუსხიანი იცის, იმ დღეს კი ისე თბილოდა, რომ შილიფად ვიყავით ჩაცმულნი. და აი 10 საათსა და 50 წუთზე მისცეს სიგნალი. აგუგუნდნენ ძრავები, აეროდრომი მტვრის კორიანტელმა დაფარა, თითქმის ვერაფერს ვხედავდით. შემდეგ ერთიმეორის მიყოლებიდ აიჭრა ცაში თვითმფრინავები ვითვლით ხმამაღლა: 50, 60, 70, 79… შვებით ამოვისუნთქეთ. ყველანი ჰაერში არიან. თვითმფრინავებმა წრე მოხაზეს აეროდრომის თავზე, შემდეგ სამეულებად დაეწყვნენ და გეზი წითელი მოედნისკენ აიღეს. ოთხი თვითმფრინავი, რომელიც სარეზერვო იყო, უკან დაბრუნდა და იქვე მოედნის მხარეს დაჯდა, რადგან ასაფრენ მოედანს ცეცხლი ეკიდა და კვამლში იყო გახვეული.

რამდენიმე წუთში რადიორეპროდუქტორში ნაცნობი ხმაური გაისმა. წითელი მოედანი გაინაბა. ეს ჩვენი თვითმფრინავები უახლოვდებიდნენ წითელ მოედანს. ისე დავიბენი, რომ დიქტორ ლევიტანის მკაფიო სიტყვები აღარ მესმოდა, ნაცნობი ხმაური ძლიერდებოდა, რეაქტიული ძრავების დამახასიათებელი ხმაური, გამჭოლი, სირენის ხმური. ასეთი ხმაურით და დიდი სისწრაფით გადაუქროლეს წითელ მოედანს ჩვენმა “იაკებმა”. მთელი მოედანი ქუხდა. მაშინ ვიგრძენი რაღაც აუწერელი სიხარული, ჩემზე ბედნიერი კაცი ქვეყანაზე არ მეგონა. ვამაყობდი ჩვენი სახელოვანი კოლექტივით. ნეტავ თუ უსმენენ ეხლა ისინი თბილისში? ერთმანეთს ვეხვეოდით და ვულოცავდით გამარჯვებას. 12 საათსა და 30 წუთზე გვაცნობეს – ყველა თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდა მათთვის განკუთვნილ სხვადასხვა აეროდრომზეო. ყველაფერი კეთილად დამთავრდა. დიდი სიხარულის განცდა უფრო დამღლელი ყოფილა, ვიდრე დიდი ჯაფა.

იშრომო ისე, რომ სიხარული მიანიჭო შენს თავს – ეს უდიდესი ბედნიერება ყოფილა.

მეორე დღეს ძლივს გაგვაღვიძეს, არც კი გვახსოვდა, როგორ მივაღწიეთ ბარაკამდე და მოვიკეცეთ ნარებზე. თავზე ნაწილის უფროსი კოლესნიკოვი გვადგა და კიდევ რამდენიმე მფრინავი.

ადექითო – გვეუბნებიან – საზეიმო სუფრას მხოლოდ ქარხნის წარმომადგენლები აკლიანო. სახეზე ცივი წყალი შეგვასხეს, შემდეგ ციცმციმ აგვწიეს და მანქანაში ჩაგვსვეს.



შალვა კიკნაძე

iეპიზოდი, რომელიც ხელნაწერში არ მოხვდა: ერთხელ ძრავების ქარხნის წარმომადგენელი ამათთან იმ დროს მოსულა, როდესაც მოგონების ავტორი ვ. სალაძეს ტელეფონით ელაპარაკებოდა. ეს კაცი გულაგიდან ახალგამოსული ყოფილი მინისტრის მოადგილეა, რომელსაც ჯერ წესიერად თმაც კი არ მოზრდია. სატელეფონო საუბარი ქართულად მიმდინარეობს. წარმომადგენელი იქვე მდგომ შაბანოვს (ეს შაბანოვი დიდი ანგალი ვინმე ყოფილა) ჩუმად ეკითხება:

- ს კემ გავარიტ?

- კაკ ს კემ, ს ბერია გავარიტ – უთქვამს შაბანოვს.

- ა ჩომ გავარიტ? - ნირი ეცვალა წარმომადგენელს.

- კაკ ა ჩომ, ა დვიგაწელიახ გავარიტ, დვიგაწელეი ტა ნეტ? - პასუხობს შაბანოვი.

საწყალი კაცი მოსაბრუნებელი გამხდარა, შაბანოვიც კარგად შეუჯორავთ ასეთი ხუმრობისთვის. (მ.კ)

No comments:

Post a Comment