მღვიმევის მონასტერი


თბილისს მიმავალი რაჭველები საწალიკეს მთას გადმოლახავდნენ, ზოდი -წირქვალის გზით საჩხერეს ჩააღწევდნენ, უთენია ჭერეთხევით ულევის გზას დაადგებოდნენ და გორის გავლით თბილისში ჩადიოდნენ.

ულევის გზა შორაპნიდან იწყებოდა უხსოვარ დროიდან. შორაპანი ანუ შორი – ფონი უკანასკნელი ფონი ყოფილა შავი ზღვიდან რიონ-ყვირილის სანაოსნო გზით მიმავალი ვაჭრებისათვის. შორაპნამდე კიდევ იყო ერთი ფონი, ზედა ფონი ანუ ზესტაფონი, მაგრამ შორაპანი უფრო მოხერხებული ნავსაყუდელი ყოფილა ძირულისა და ყვირილის შესართავთან. აქ დიდ, ტევად საწყობებში ნავებიდან გადმოტვირთულ საქონელს საიმედოდ იცავდა შორაპნის ციხე.

კიდევ იყო ერთი ციხე – ხარაგაულის თავზე გადმოკიდებული – ჩხერის ციხე. ეს ციხე ჩემი გვარის წინაპრებს ეკუთვნოდა და არც თუ ისე ღირსეულად იცავდა გზაზე მიმავალი ვაჭრების უსაფრთხოებას – ეს ისე, სასხვათაშორისოდ.

შორაპნიდან ულევის გზით მიემართებოდა ევროპული საქონლით დატვირთული ქარავნების ისპაჰანსა და ინდოეთს. სპარსულ – ინდურ – ჩინური საქონლით საქონლით დატვირთული ქარავნები იმავე გზით შორაპანში ბრუნდებოდა. მართლაც რომ ულევი იყო ეს გზა. შორაპნიდან აზიური საქონლით ჯერ ყვირილა – რიონის სანაოსნო გზით, და შემდეგ შავი ზღვით ევროპისკენ მიემართებოდა.

ევროპას და აზიას შორის ეს გზა ყველაზე მოკლე და უსაფრთხო იყო.

ამ გზით მოდიოდნენ საქართველოში ბერძნები, ზოგჯერ სამოყვროდ, უფრო ხშირად კი სამტროდ.

ამ გზით ცდილობდნენ რომაელი სტრატეგოსები კოლხეთის დაპყრობას. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ მხოლოდ პომპეუსმა მოახერხა კოლხეთისა და ქართლის დალაშქვრა მცხეთამდე. მითრიდატემ თავი მოიკლა და პომპეუსს მხოლოდ მეფის მოღალატე შვილებიღა შერჩა ტრიუმფისათვის რომში. გაჯავრებულმა მცხეთაში დამარცხებულ მეციხოვნეებს ქვითკირის ხიდი ააგებინა მტკვარზე – ისე მკვიდრად, ისე მყარად, რომ ზუსტად 2000 წელი ემსახურა თავის დანიშნულებას.

ამ სამოცი წლის წინ ეს ხიდი ზაჰესის წყალსაცავმა დაფარა. რამდენჯერმე მეც გამივლია ამ ხიდზე ყმაწვილკაცობაში. ახლა როცა მტკვარი პატარავდება ზაფხულში, მაშინ გამოჩნდება ხიდის ბურჯებზე შერჩენილი თაღის ნარჩენები.

პომპეუსის ლაშქრობიდან ერთი საუკუნის შემდეგ სტრაბონმა იმოგზაურა ამ გზით და აღწერა გზის გასწვრივ აყვავებული სოფლები და ქალაქები.

კიდევ 14 საუკუნე მოედინებოდა ამ გზაზე ევროპული და საქონლით დატვირთული აქლემების ქარავნები.

შემდეგ თურქმანებმა დაიპყრეს ბიზანტია. 1453 წლის 29 მაისს ძველი სტილით მეჰმედ II ცხენით შევიდა აია სოფიას ტაძარში და ევროპას შავი ზღვა გადაუკეტა აღმოსავლეთისაკენ. ულევის გზამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. დაკნინდა სოფლები და ქალაქები, შორაპნის ციხის ნანგრევებიღა შემორჩა. ყვირილაც დაშრა, დაილექა, სიღრმის ხარჯზე სიგანე მოემატა და ნაოსნობისთვის უვარგისი გახდა.

ევროპელებმა ახალი გზის ძებნა დაიწყეს. ვიღაც მოგზაურს ოკეანეში გზა აებნა ახალი ქვეყანა აღმოაჩინა.

ერთხელ რაჭველებსაც აებნათ გზა. ზოდიდან საჩხერის ორიენტირი, მოდინახეს ციხე ვერ დანინახეს და ზოდი-რგანის გზით უზარმაზარ კანიონს წაადგნენ თავზე. ხუთასი მეტრის სიღრმეში გადაიხედეს რაჭველებმა და კანიონის ფსკერზე დაკლაკნილი მდინარე დაინახეს, რომელსაც ისე გაეფართოებინა კლდეებს შორის ადგილი, რომ მდინარის მარჯვნივ და მარცხნივ ხშირი დასახლება დამკვიდრებულიყო.

შეშინებული რაჭველები ერთმანეთს ეკითხებოდნენ თურმე:

- ჭაია თუ რაა?

ორი დიდი აღმოჩენა – კოლუმბისა და რაჭველების – დროის მიხედვით შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ორივე შევიდა ისტორიაში – ამერიკისა მსოფლიოს, ხოლო ჭიათურისა - ამ უკანასკნელის.

ჩემი დროის ჭიათურაში შორაპნიდან რკინიგზის ვიწრო ლიანდაგი შედიოდა – პატარა სატვირთო ვაგონებით შორაპანში შავი ქვა ჩამოჰქონდათ.

შავი ქვა აკაკიმ აღმოაჩინა – უფრო სწორად შავი ქვა დიდი ხნის აღმოჩენილი იყო, როგორც ყოვლად გამოუსადეგარი - მშენებლობისთვის ის არ ვარგოდა, არც გზების მოსაკირწყლავად, რადგან ადვილად იფშვნებოდა. ახლაც შემორჩა ზემო იმერეთში გამოთქმა, როცა ყოვლად უვარგის საგანზე ამბობენ, რა შავ ქვად მინდაო, ან კიდევ წყევლა – შავი ქვა შევიდა შენს ოჯახშიო.

ყორეებისთვის იყენებდნენ და შავი ქვის ყორეებით იყო შემოვლებული ჭიათურის ახლომახლო სოფლებში გლეხთა კარმიდამოები.

აკაკიმ ის აღმოაჩინა, რომ თურმე ეს შავი ქვის ლოდები მანგანუმის მადანი ყოფილა და როგორც შემდეგში გაირკვა, ეს პლასტები 98% სუფთა მადანს შეიცავდა. ამ მხრივ ჭიათურა ყოფილა უდიდესი და უმდიდრესი საბადო მსოფლიოში. ერთ მეცნიერს ისიც კი უთქვამს, ნუ დავამუშავებთ რგანის საბადოს, იყოს ეს საბადო, როგორც ბუნების უნიკალური მოვლენაო, მაგრამ ვინ დაუჯერა...

ამრიგად აკაკიმ მანგანუმი აღმოაჩინა შავი ქვის სახით და როდესაც შავი ქვის ღირებულებაც აღმოაჩინეს, ყველა ჯურის ვიგინდარამ და ავაზაკმა მოინდომა მისი ხელში ჩაგდება.

იმ დროიდან, ე.ი. გასული საუკუნის მიწურულიდან დაიწყო ჭიათურის მანგანუმის ველურ – მტაცებლური ექსპლოატაცია.

გლეხები არღვევდნენ შავი ქვის ყორეებს და ურმებით ჭიათურაში ჩამოჰქონდათ.

მოედინებოთა შავი ქვის ლოდები – უნიკალური სიწმინდის მანგანუმი: რგანიდან და თაბაგრებიდან, მღვიმევიდან და წირქვალიდან, დარკვეთიდან და პერევისიდან.

უკვირდათ გლეხებს, შავ ქვაში ფულს რომ აძლევდნენ – მართალია გროშებს, მაგრამ მაინც ფულს და არა პანღურს.

ასე გაგრძელდა კარგა ხანს… მერე, როცა ყორეები მოანგრიეს და მიწის პირიდანაც პირწმინდად აწმინდეს შავი ქვა, ახლა მიწის ქვეშ დაიწყეს მისი ძებნა და აქ აღმოჩნდა ათეული კილომეტრის სისგრძის შავი ქვის უზარმაზარი პლასტები. აშენდა მაღაროები და გამოჰქონდათ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მანგანუმი, რომელსაც არავითარი გამდიდრება არ სჭირდებოდა. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. მიტოვებული გვირაბები ინგრეოდა. ინგრეოდა სოფლები და იცლებოდა მანგანუმისგან ჭიათურა.

შემცირდა უმაღლესი ხარისხის პლასტები და დაიწყეს მადნის გამდიდრება, ანუ გარეცხვა, როგორც ჭიათურაში ამბობდნენ. რეცხავდნენ მანგანუმს ყვირილაში, გაშავდა ყვირილა რიონამდე, შემდეგ რიონს გაჰყვა შავი ზოლი შავ ზღვამდე. და წამოიღო ყვირილამ მანგანუმის შლამი. აგერ უკვე 80 წელია მოაქვს ყვირილას მანგანუმის შლამი და ილექება ეს ძვირფასი ქიმიური ელემენტი ყვირილასა და რიონის კალაპოტში.

ერთხელ იაპონელებმა დაინახეს ზესტაფონთან შავი წყალი. გაუკვირდათ თურმე შავი მდინარე და როცა მიზეზი გაიგეს, მდინარის პირას მისულან, მისულან, ბორჯომის წყალი გადაუღვრიათ და ბოთლი შავი წყლით აუვსიათ. იაპონელები თბილისიდან მანქანით დასავლეთ საქართველოს ჩაის რაიონებში მიემგზავრებოდნენ იაპონიაში შეძენილი ჩაის ხელით საკრეფი მანქანების მუშაობის შესამოწმებლად.

უცნაური ხალხია ეს იაპონელები. ჩაის საკრეფი მანქანები რომ მოგვყიდეს, კონტროლიც დააწესეს ამ მანქანების მუშაობაზე და თუ რომელიმე მანქანის რომელიმე ნაწილი მწყობრიდან გამოვიდოდა, საკმარისი იყო მოსკოვში მათი წარმომადგენლისათვის დეპეშის გაგზავნა და იაპონიიდან თბილისში ჩამოსული იყო სათადარიგო ნაწილები. შესაშური, ჩვენთვის უჩვეულო ოპერატიულობა ზოგჯერ გვაღიზიანებდა კიდეც. ერთხელ ფირმის წარმომადგენლები წავიდნენ ადგილებზე შესამოწმებლად, რათა თავისი თვალით ენახათ ყოველივე. სწორედ ამ მოგზაურობისას დაუნახავთ შავი მდინაე და გულისტკივილით უთქვამთ ჩვენი თანმხლები წარმომადგენლისათვის - თქვენ დანაშაულს ჩადიხართ კაცობრიობის წინაშეო.

აბა წარმოიდგინეთ: 80 წელია ყვირილა ეზიდება მანგანუმის შლამს. მდინარის წყალში მისი შემცველობა დაახლოებით 18 %-ს შეადგენს. რამდენი მანგანუმი წამოუღია ამ ხნის განმავლობაში ჭიათურიდან?

ახლა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ვნახოთ: სადნობი საამქროებიდან გამოტანილმა წიდამ გორები დააყენა ყვირილის ორივე ნაპირზე. ერთხანს ამ წიდას გზების მოსაკირწლავად ხმარობდნენ, ახლა კი ვაგონებით გააქვთ ქარხნიდან და ყვირილას ნაპირბზე საამისოდ სპეციალურად გაყვანილ რკინიგზის ჩიხებიდან. ფეროშენადნობთა ქარხანა აგერ უკვე 50 წელზე მეტია მუშაობს. საკითხავია, რამდენი მანგანუმი გადაუყრია ქარხანას?

სხვათა შორის, ფეროშენადნობთა ქარხანის შესახებ ზესტაფონელებს საკუთარი შეხედულება აქვთ. ფეროს ღუმელებიDან ამოფრქვეული კვამლიც სუგთა მანგანუმს შეიცავს და ამ მანგანუმის ფერფლით იფარება ზესტაფონი, მისი ახლომახლო თუ მოშორებული სოფლები. იწამლებიან ადამიანები, ცხოველები, ფრინველებიდა მცენარეულობა. მიუხედავად ამისა, ზესტაფონელებს უყვართ ფერო. ის კი არა, ომიც თურმე ფეროს გულისთვის დაწყებულა. საქმე იმაში ყოფილა თურმე, როგორც ზესტაფონელები ამბობენ, რომ ომის წინ ჰიტლერს ფერო უთხოვია სტალინისთვის. სტალინს, რა თქმა უნდა, ფეროს მიცემაზე უარი უთქვამს, რაზედაც გაბრაზებულა ჰიტლერი და თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას.

- აბა ფეროს მისცემდა ისიიი?!

უყვართ ზესტაფონელებს ფერო!

ერთხელ აქ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოსულა მოხსენებით. მოხსენებაში, როგორც ეს მიღებულია ჩვენში Uთქვამს, რომ უსაფრთხოების ტექნიკისა და პროფესიული დაავადებების მიხედვით ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ნიდერლანდებსო. ამის პასუხად ერთ ენამოსწრებულ კაცს დარბაზიდან მომხსენებლისათვის წერილი გაუგზავნია ლექსად:

“საქარის ხალხი დაგლახდა, დადიან როგორც ლანდები,

მაგრამ ჩვენ მაინც კარგი ვართ – ცუდია ნიდერლანდები”



ჰოდა, იაპონელებმა ბორჯომის ბოთლით წაიღეს ყვირილის შავი წყალი იაპონიაში. რატომ? იქნებ იქედან ამოღებულ მანგანუმს მოიხმარენ…

რამდენი დანაშაული ჩაგვიდენია და ჩავდივართ კაცობრიობის წინაშე, მაგრამ პასუხი არავის მოუთხოვია… რატომ?

იმიტომ, რომ დამნაშავე არ ჩანს, უფრო სწორად - კონკრეტული დამნაშავე, რომელმაც უნდა აგოს პასუხი. როცა კერძო საკუთრება მოვსპეთ, ყველაფერი საერთო-სახალხო საკუთრებად გამოვაცხადეთ – ფაბრიკები და ქარხნები, ქალაქები და სოფლები, მთები და ველები, ტბები და მდინარეები, წიაღისეული – ყველაფერი მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ. ეს ყველაფერი თეორიულად სერთო-სახალხო საკუთრებაა, პრაქტიკულად კი უპატრონოა და რაკი პატრონი არ ჰყავს, ვისაც როგორ უნდა, ისე ექცევა. რაკი ყველაფერი შენიცაა და ჩემიც, მე ჩემებურად და შენ - შენებურად ვექცევით ორივეს საკუთრებას. არც მე ვერევი შენს დამოკიდებულებაში და არც შენ – ჩემსაში, რადგან ვფიქრობთ, რომ ორივეს გვეყოფა. ასეთია დამოკიდებულება ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებებით.

აი თუნდაც ერთი მაგალითი:

ცნობილია, რომ ტყე ბუნების უნიკალური “გამოგონებაა”. გარდა იმისა, რომ ტყით სუნთქავს პლანეტა, მას დიდი მატერიალური სარგებლობის მოტანაც შეუძლია ადამიანისთვის.

ჩვენში წლიურად 400 მლნ კუბური მეტრი მერქანი მზადდება . დამზადებისა და გამოტანის გეგმების შეუსაბამობის გამო 20 – 30 მლნ კუბური მეტრი ხეტყის მასალა ადგილზე ლპება. დახერხილი მასალა გამოტანილის მხოლოდ 25% შეადგენს. ვინ აგებს პასუხს?

ძალიან შორს შევტოპე. სჯობს, ისევ ჩემს მოგონებებს დავუბრუნდე.

* * *

ბავშვობის ნაწილი ჭიათურის მღვიმევის მონასტერში გავატარე.

თურმე წარსულის ფიქრი და მოგონება სიბერეში მიეძალება ადამიანს. საიდან მოვიდა – ამაზე ფიქრობს, რადგან სად მიდის, უკვე იცის. დრო მცირდება შაგრენის ტყავივით და გიჩნდება სურვილი გაიგო საიდან მოხვედი. იწყებ წარსულის აღდგენას, წარსულით ცხოვრობ, იკვლევ საკუთარ გენეალოგიას და აღმოაჩენ, რომ ოთხი-ხუთი თაობა შეგიძლია აღადგინო მხოლოდ.

როგორები ვართ ადამიანები - ჯიშიანი ძაღლის ან ცხენის წინაპრები ვიცით მეათე მუხლამდე, საკუთარი კი… ბაბუის მამა თუ ვიცით, ვინ იყო – უკეთეს შემთხვევაში ბაბუის ბაბუა – ისიც ყურმოკრული ამბებით.

ახლა დავიწყე ჩემი წინაპრების ძებნა, თუმცა სად უნდა მეძება, – უბრალოდ დავძაბე მეხსიერება და დავადგინე, რომ ბაბუაჩემის ბაბუა სულხანი იყო. მის წინ ყველაფერი ბურუსითაა მოცული. რამდენი შვილი ჰყავდა სულხანს, ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ ის, რომ ბაბუას მამა ხოსია იყო. აი ჩემი ცოდნა წინაპრების შესახებ. სულხანი - ხოსია – ერმინე - დავითი და მე. ეს არის და ეს.

ჩემი დღე და მოსწრება ანკეტებს ვავსებდი. ანკეტური მონაცემები მშობლებით თავდებოდა. ბაბუას ანკეტაში მგონი ერთხელ შევხვდი. მაშინ აკადემიაში ვსწავლობდი მოსკოვში, ანკეტები შევავსეთ მსმენელებმა კრემლის დათვალიერების ნებართვისთვისთვის და ანკეტაში ბაბუის საქმიანობაზე იყო საჭირო პასუხის გაცემა. ჩვეულებრივად კი: მშობლების საქმიანობა რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ.

ანკეტებმა შეზღუდეს ჩვენი მეხსიერება. თუ მშობლების საქმიანობა რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ არ ზღუდავდა შენს კარიერას, მაშინ უფრო შორს ქექვა აღარ იყო საჭირო და მეხსიერებაც აქ მთავრდებოდა.

რევოლუცია ანგრევს ყველაფერს. ასეთია რევოლუციის მიზანი – ძველის დანგრევა ძირფესვიანად და ნანგრევებზე ახლის შენება.

ვანგრიეთ და ვლეწეთ, ვლეწეთ და ვანგრიეთ წარსული, აწმყო და და დიდი ზიანი მივაყენეთ მომავალს.

ძველის ნგრევას პროლეტარული რევოლუციის ჰიმნი მოგვიწოდებდა. ვმღეროდით ამ ჰიმნს და გაბრუებულნი ვანგრევდით ყველაფერს. ახლა მხოლოდ პარტიულ ყრილობებზე მღერიან ამ ჰიმნს, უღიმღამოდ, მოგუდული ხმით. საქმეს ფირზე ჩაწერილი ხმები შველის, გამაძლიერებელი რუპორებით რომ ახშობს დარბაზში მოჩიფჩიფეთა სიმღერას.

პროლეტარული რევოლუციის ჰიმნით ვანგრიეთ წარსული. ასე იცის რევოლუციამ, ამიტომ ვინმემ უნდა დაუდოს საზღვარი ამ ნგრევას. ისტორიამ იცის ასეთი ადამიანები. ინგლისის რევოლუციას კრომველმა დაადო ყადაღა, საფრანგეთისას – ნაპოლეონმა.

ჩვენს რევოლუციას საზღვარი არ ჰქონია, რადგან რევოლუციის ბელადების თეორიით ჩვენი რევოლუცია პერმანენტული უნდა ყოფილიყო; ერთი რევოლიუცია მეორეში უნდა გადაზრდილიყო – ჯერ ერთ ცალკეულ ქვეყანაში, შემდეგ სხვებში, ვიდრე მსოფლიო რევოლუციამდე.

სტალინმა ვითომ შეზღუდა პერმანენტული რევოლუცია, პრაქტიკულად კი რევოლუცია დღემდე გრძელდება. პროლეტარული რევოლუციის ჰიმნით ვანგრიეთ ეკლესიები და ტაძრები, გადავთხარეთ და გადავხანით წინაპართა საფლავები, საფლავის ქვებით ბოსლები ავაშენეთ. ამიტომ მე არც ბებიის საფლავი ვიცი და არც ბაბუის.

ვის ეცალა გენეალოგიისთვის. თუ კეთილშობილი წარმოშობა გქონდა – მალავდი, რადგან ყაჩაღი და ავაზაკი წინაპარი უფრო ფასობდა.

ახლა სინანულით ვიგონებ წარსულს, მოსაგონარი კი ბევრზე ბევრი მაქვს.

ექვსი წლის ვიქნებოდი, როცა მამიდასთან ჩამიყვანეს ჭიათურაში, მღვიმევის მონასტერში. ჭიათურასთან ჩვენს ოჯახს ორი რამ აკავშირებდა. ჯერ ერთი, დედაჩემი (ლიდა გამყრელიძე მ.კ.) სოფელ ზოდიდან იყო. ზოდი 6 ვერსითაა დაშორებული ჭიათურიდან. მეორეც, მღვიმევის მონასტერში მამიდა (ელენე კიკნაძე მ.კ.) იყო აღკვეცილი მონაზვნად. ამიტომაც ჩემი სიყვარული განსაკუთრებული იყო ამ მხარისადმი. დედულეთში მოსიყვარულე ბიძები, ბიცოლები და ბიძაშვილები მელოდნენ, მონასტერში – ჩემი ლამაზი მამიდა. მამიდა მაშინ 40 წლისა იქნებოდა. იმდროინდელი ნორმებით ხანშიშესული, მამიდა ლამაზი ქალი იყო, საშუალოზე ოდნავ დაბალი, წერწერტი, მოძრავი, მოქნეული ტანით. სახე მრგვალი, თეთრი, სუფთა პირისახე, ოდნავ ვარდისფერი ლოყები და ღია თაფლისფერი თვალები, მუდამ სიკეთეს და სიყვარულს რომ აშუქებდა. სახეზე შემოსხეპილი შავი ლეჩაქი საოცრად უხდებოდა. ლამაზ მონაზონს ეძახდნენ ჭიათურაში: ნახევრადასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ჩემს მიმართ ზომიერ სიმკაცრესთან ერთად განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა.

ბაბუაჩემს ხუთი შვილი ჰყავდა: სამი ვაჟი და ორი ქალი, ბაბუაჩემის მამას კი მხოლოდ ერთი, ერმინე. ბაბუას მამა რუსეთის ჯარს მტრულად არ შეხვედრია ხარაგაულში, პირიქით, დახმარებია კიდევაც, ამიტომ სამსახურშიც მიუღიათ ოფიცრის დაბალი ჩინით “მინგრელსკი პოლკში.” რამდენიმე წლის კეთილსინდისიერი სამსახურის შემდეგ “პრაპორშჩიკის” ჩინით თადარიგში გასულა. დახასიათებაზე, რომელიც სამხედრო ნაწილს მიუცია, უკანა გვერდზე ასეთი წარწერა გაუკეთებიათ ქართულად: “ ეს საბუთი გამოსადეგია ყველგან, სააც კი წაბრძანდებით რუსეთის სამფლობელოში.” დახასიათება დადებითი და გულთბილია.

ბაბუაჩემის მამა ხოსია ხარაგაულიდან ყოფილა (სოფ. ჩხერი). თადარიგში რომ გასულა, გუნცაძეს ჩასიძებია კვალითში და გუნცაძის ადგილმამულის მესამედი მიუღია, დანარცენი ორი მესამედი კი ჩასიძებულებს, ავალიანსა და ბარათაშვილს მიუღიათ. კვალითში დიდი ტყეები ყოფილა მაშინ, უმეტესად ძელქვისა და ურთხმელისა, სახლიც ძელქვის ძელებისგან აუშენებია, ე.წ. ძელური სახლი.

ურთხმელის ზელებიგან ხიმე შემოუვლიათ ეზოსა და კარმიდამოსთვის. შემდეგ ძელური სახლი დაუშლიათ, . თითო ზელისგან თითო ფიცარი გაუთლიათ და ისე აუშენებიათ ოდა სახლი. ახლაც სოფელში ჩვენი სახლის ოთყივე ყურის ფიცრები ძექვისგანაა გაკეთებული.

ურთხმელის ხის ღობეს ჩემს ბავშვობაში შლიდნენ და შეშად ხმარობდნენ. მახსოვს, ნაჯახით გაჩეხილი ურთხმელის მორები მუქი შინდისფერი იყო.

ამრიგად, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჩემს სოფელში ძელქვისა და ურთხმელის, ანუ წითელი ხის ტყეები კიდევ ყოფილა შემორჩენილი.

ბაბუაჩემს ერმინეს ადგილმამულიანი მაჭავარიანის ქალი უთხოვია სოფელ ილემში. ამრიგად, ერმინეს სამ სოფელში ჰქონია მამულები: ხარაგაულში, ილემში და კვალითში.

ბებიაჩემი ადრე გარდაცვლილა. ბაბუა ქეიფსა და დროსტარებას მიჰყოლია, საყვარლებიც ბევრი ჰყოლია. მისდგომია თავის ადგილმამულს და ზოგს ყიდდა, ზოგს აგირავებდა და ზოგსაც საყვარლებს ჩუქნიდა.

ხშირად იღებდა თურმე საყვარლებისგან წერილებს, ზოგიერთს წერა-კითხვა არ სცოდნია და სხვას აწერინებდა. წერილის დამწერლები თურმე ბაბუას გულუხვობით სარგებლობდნენ და ზოგჯერ საყვარლების სახელით თვითონ უგზავნიდნენ წერილს. ერთხელ ბაბუას ერთი წერილი არ მოსწონებია, მიმხვდარა ვისი ეშმაკობაც იყო, წერილი გადაუბრუნებია და მეორე გვერდზე ასე დაუწერია:

“ქართულ ენაზე სიტყვები დაუწერია ყალამსა,

ამის დამწერს ვირი შესცემს, მოყვარეს უძღვნის სალამსა.”

და დაუბრუნებია გამომგზავნისთვის.

ბაბუა ნაკითხი კაცი ყოფილა. ზეპირად სცოდნია “ვეფხისტყაოსანი.”პირადად იცნობდა აკაკის.

როცა შვილები დაიზარდნენ, ბაბუაჩემს ხარაგაულის მამულიდან ბევრი აღარაფერი დარჩენოდა. კვალითშიც ზოგიერთი მიწები დაგირავებული ყოფილა. დარჩენილი მამულები ხუთ ნაწილად გაუყვიათ. ილემის მიწები უფროს ქალიშვილს რგებია. მამიდას ეს მიწები გაუყიდია, ფული მღვიმევის მონასტრისთვის შეუწირავს და თვითონაც იქ აღკვეცილა მონაზვნად. ეს მომხდარა ჩემს დაბადებამდე (1913 წ. მ.კ.)შვიდი წლით ადრე. მისი მონაზვნად აღკვეცის მიზეზი არავინ იცოდა – არც მამამ, არც ძმებმა და არც დამ ( პეპელა მ.კ). ეს მისი საიდუმლო იყო.

არ უყვარდა ბაბუას ახალთაობის ხალხი. მიუხედავად ამისა შვილები ახალთაობის, ახალი მიმართულების მომხრენი და მხარდამჭერნი იყვნენ: მამა – ეროვნული დემიკრატი, უმცროსი ვაჟი, იასონა – ბოლშევიკი, ბიძაჩემი კოტე კი არც ერთ პარტიას არ ემხრობოდა. როცა მენშევიკები გაბატონდნენ, მათ კომისარს თოფი ესროლა (და დაჭრა, მ.კ.), ბოლშევიკებს შემოსვლისთანავე განუდგა, ის კი არა და რევკომის წევრებს ტყვია დაუშინა და ტყეში გაიქცა.

როგორც ავღნიშნე, შორაპნიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა შედიოდა ჭიათურაში. სამგზავრო ვაგონები პატარა იყო – საბავშვო რკინიგზის ვაგონების მსგავსი.

სოფლიდან შორაპნამდე ფეხით ჩავდიოდით. ორი საათის სავალი იყო. შორაპანში ჩასულები საათობით ველოდით მატარებლის გასვლას. ხან ადრე ჩავდიოდით, ხან გვიან. არც მატარებლის განრიგი ვიცოდით, ამიტომ ორიენტაცია იყო მზეზე და ასტრონომიაში განსწავლულობა გვაკლდა. ჩემი პირველი მგზავრობის შთაბეჭდილება ჩამრჩა მეხსიერებაში, ზოგიც შემდეგ დავაზუსტე. პირველი მგზავრობა მატარებლით დედასთან ერთად მომიხდა. დედულეთში მივდიოდით. ჯერ მონასტერში მამიდას ვესტუმრებოდით, შემდეგ ზოდში და ბოლოს ისევ მამიდასთან. აქ მე დიდი ხნით დავრჩებოდი.

სოფლელი ბავშვები ბევრს დადიან ფეხით. ამიტომ დიდ მანძილზე ფეხით სიარული არ იყო ჩემთვის ძნელი და თუ ადგილები უცნობი იყო, მგზავრობა გართობა იყო და დაღლას ვერ ვგრძნობდი.

სამი საათი მიჩაქჩაქებდა მატარებელი შორაპნიდან ჭიათურამდე. ჭიათურის რკინიგზის ვაგზლიდან ჯერ ხიდით გადავედით მდინარე ყვირილაზე, შემდეგ მდინარის მარჯვნიდან საჩხერისკენ მიმავალ გზას დავადექით. ეს გზა მდინარე ყვირილის ნაპირის გასწვრივ, ციცაბო კლდეებზე გადიოდა. ასე ორი ვერსი რომ გავიარეთ შორიდან, მარჯვნივ, მაღალი კლდის ქიმზე მერცხლის ბუდესავით მიკრული სახლები და სამრეკლო გამოჩნდა. ეკლესია არ ჩანდა, რადგან იგი გამოქვაბულში ყოფილა აშენებული. ეკლესიის ფასადის ფანჯრებს თუ შეამჩნევდა დაკვირვებული კაცის თვალი, ციცაბო კლდეებზე რომ იყო დატანებული.

“ბუინევის ხევის ზეით ჩრდილოეთ კერძ კიდეზედ არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკუეთილი და მის შინა მონასტერი უგუმბათო, წითელის ბრწყინვალის ქვით ნაშენი, კახაბერ რაჭის ერისთავიგან აშენებული. ქუაბსა შინა დის წყარო დიდი და კეთილი, უზის არქიმანდრტი, არამედ სუერის წყლის შესართავიდან მღვიმე საჩხერემდე. ამ ყვირილის იქით და აქეთ კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მას შინა ქუაბნი მრავალნი, გამოკუეთილნი სახიზრად და შეუვალნი მტრისაგან და საკვირველი, თუ ვითარ უქმნიათ და დადგა ესენიცა ჯამსა ყრუისასა.”

ეს მერე ამოვიკითხე “ ქართლის ცხოვრებაში.” მღვიმევის მონასტერი, როგორც ვახუშტი ბრძანებს, რაჭის ერისთავს აუშენებია XIII საუკუნეში. მაშ რა ვერ აიღო მურვან ყრუმ, ანუ როგორც ისტორიაშია ცნობილი, მურვან II იბნ მუჰამედმა? იგი 734 - 744 წლებში ომანიანთა ნაცვალი იყო კავკასიაში? მაშასადამე მონასტერი არსებულა მერვე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს. იქნება იგი რაჭის ერისთავმა განაახლა XIII საუკუნეში?

ჩემი შთაბეჭდილება აღემატებოდა ყოველგვარ ბავშვურ განცდებს უზარმაზარი კლდეების და უამრავი გამოქვაბულის ხილვისას. არა მარტო მაშინ, არამედ ახლაც მანცვიფრებს ეს სანახაობანი, მურვან ყრუსაც რომ ვერ დაულაშქრავს.

დედას მივყავარ ხელჩაკიდებული და მანიშნებს მარჯვნივ, შორს, კედელზე მიკრულ სახლებს. ეს მონასტრის სახლებიაო, მეუბნება დედა. აი, იქ ცხოვრობს მამიდა!

გზასა და ყვირილის ნაპირს შუა სახლია კლდეზე მიდგმული. გზის მხრიდან სახლი ერთსართულიანია, ყვირილის პირიდან – ორსართულიანი. ესეც ახალი საოცრება ვნახეთ. ამ ადგილზე კლდიდან მდინარე გამოდინებულა, რომლის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. მდინარე გადაუკეტიათ, ჭა ამოუშენებიათ, ასე 5-6 მეტრი სიღრმისა. ჭაში წყალი წნევით ამოსულა და გადმოდინებული წყალი დოლაბების ბორბლებზე მიუშვიათ. ქვედა სართულში სამი დოლაბი ბრუნავდა, ზედა სართულში მეწისქვილე ცხოვრობდა . წყალი ანკარა, ცივი და გემრიელი სასმელი იყო. კარგ შემოსავალს აძლევს მონასტერს ეს წისქვილიო – მითხრა დედამ. ამ რამდენიმე წლის წინად საჩხერიდან მომავალმა ბევრი ვეძებე წყალიცა და წისქვილიც, მაგრამ ამაოდ.

წისქვილის ზემოთ, მარვნივ, ვიდრე კლდემდე არსებულ ვიწრო ფერდობზე მოსახლეები ცხოვრობდნენ. ვაშაძეებიაო – მითხრა დედამ.

მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს გავუყევით. ეს მონასტერში მიმავალი მოკლე, საცალფეხო გზა იყო, საურმე გზა კი შორიდან უვლიდა მონასტერს, ციცაბო კლდეებზე გადიოდა და სახიფათოც იყო, ხარები ფეხს ვერ იკიდებდნენ სიპ ქვაზე. ჩვენ მოკლე ბილიკს ავყევით ზემოთ და იმ საურმე გზაზე გავედით, რომელიც მონასტრის ჭიშკარში შედიოდა. ჭიშკარი ხატებით იყო მორთული. ჭიშკრის კარებს დარაჯი აღებდა, რომელიც იქვე, ხევის პირას ერთთვალიან სახლში ცხოვრობდა.

ჭიშკარში შევედით, ხევზე გადებული ხის ბოგირი გავიარეთ და მონასტრის ეზოში აღმოვჩნდით. ეზოს სამკუთხა ფორმა ჰქონდა, ფუძე ხევს ეყრდნობოდა, წვერო კი სამრეკლოს ებჯინებოდა. ხევის პირას მღვდლის სახლი, ორსარულიანი სასტუმრო და ასევე ორსართულიანი საწყობი – საკუჭნაო იდგა. მარცხენა ფერდის მთელ სიგრძეზე, კლდის ნაპირზე, უფსკრულის პირას ორსართულიანი სახლი იდგა მრავალი ოთახით პირველსა და მეორე სართულზე. მეორე სართული მთლიანად მონასტრის წინამძღვრის რეზიდენცია იყო, სახლი სამრეკლოს ებჯინებოდა. მონასტრის ეზო სამრეკლოსკენ იყო დაქანებული. ეზოს ჩრდილოეთ მხარე ნახევრად გამოქვაბულის ქვეშ სახლების მეორე წყება იდგა, უფრო სწორად ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ორსართულიანი სახლი.. ეზოს დაქანება ისეთი იყო, რომ სამრეკლოს მეორე სართული სახლის პირველი სართულის დონეზე იქნებოდა. სამრეკლო სამსართულიანი იყო და ორი წყება სახლების წვერში იდგა კლდის ქიმზე. პირველ სართულში რკინის კარი იყო დატანებული. ამ კარით ვიწრო ხვრელიდან შეიძლებოდა ეკლესიაში წასვლა. მეორე სართული ღია იყო და უმოაჯირო. აქედან გადამხედავს მაგარი გული უნდა ჰქონოდა. მესამე სართულზე ხის კიბით შეიძლებოდა ასვლა. აქ ეკიდა სხვადასხვა ზომის ზარები – ასე ათი თუ იქნებოდა. წირვა-ლოცვისთვის ერთი ზარი რეკავდა, დიდ დღესასწაულზე – ყველა ზარი. ზარების ხმა ჭიათურამდე აღწევდა. მამიდას კარგად შეესწავლა ზარების რეკვა და ამიტომ მას ანდობდნენ ამ საპატიო საქმეს. ზარების ზონრებს ზოგს ხელებზე და იდაყვებზე, ზოგს ფეხებზე იმაგრებდა. ფეხების და ხელების მოზრაობით ზარების რეკვა ისე იყო ურთიერთშეწყობილი, რომ საგალობელი მელოდია გამოდიოდა.

მახსოვს, მონასტერში ეპისკოპოსს ელოდნენ ქუთაისიდან დიდი ამალით. სამი დღე იყო მზადება ძვირფასი სტუმრების მოლოდინში: სასტუმროდან ლოგინები გადაფინეს გასამზეურებლად, ხუთი ბათმანი კაკალი დაამტვრიეს, ზეთი გამოხადეს და ნიგოზი დაამძაღეს ნიგვზის შეჭამანდისთვის, ჭიათურიდან ზეთისხილი და ხიზილლალა ამოიტანეს ბლომად. მარხვა იყო. რატომღაც ხიზილალა სამარხვო საჭმელად ითვლებოდა. ვინც ეს დააკანონა, ალბათ ძალიან უყვარდა ხიზილალა.

დადგა ეპისკოპოსის მობრძანების დღე. მე და მამიდა ვყარაულობთ სამრეკლოზე, გავცქერით ქვემოთ მიკლაკნილ-მოკლაკნილ გზებს. მამიდას მაშინ უნდა დაეწყო ზარების რეკვა, როდესაც ეპისკოპოსი მთავარ გზაზე გამოჩნდებოდა და უნდა გაეგრძელებინა, ვიდრე მონასტრის ეზოში არ შემობრძანდებოდა. აი, დაიხვია მამიდამ ზარების ზონრები ხელებსა და ფეხებზე და როგორც კი გამოჩნდა ეპისკოპოსი მთავარ გზაზე, ატყდა ზარების რეკვა. პატარა ზარები წკრიალა ხმას გამოსცემდნენ, შემდეგი უფრო შებოხებულს და ბოლოს, დიდი ზარები – ბანს. წკრრრ! წკრრრ! ...ძინ! ძინ! ..და იღვრებოდა საგალობლის მელოდია.

ამალა მოდიოდა ცხენებით, ალბათ 20-25 კაცი, შეიძლება მეტიც. მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ამალა თვალს მიეფარა და ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც ჯორზე ამხედრებული შემოჩინდრიკდა ეზოში. მე ეპისკოპოსი მეგონა და მამიდას ანაფორის კალთა დავქაჩე.

შეწყდა ზარების რეკვა. მამიდამ გადმოიხედა და დაინახა მონასტრის მღვდელი. მე დამტუქსა და ისევ განაგრძო ზარების რეკვა.

No comments:

Post a Comment