ქუთაისის ავტოქარხანა

 დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორს ბატონ ამირან ნაცვლიშვილს ქარხნის მუზეუმის ჩამოყალიბებისათვის. ქარხნის კოლექტივი ჭეშმარიტად ღირსია ქონდეს მუზეუმი.  სახელოვანი კოლექტივის ისტორია არის საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის ჩამოყალიბების, განვითარების, კადრების მომზადებისა და დავაჟკაცების ისტორია. ამ ისტორიას სათუთი მოპყრობა სჭირდება.

მადლობას მოვახსენებ ბატონ ამირანს აგრეთვე თხოვნისათვის: მიმეწოდებინა მუზეუმისათვის ქარხანაში ჩემი ათწლიანი მუშაობისდროინდელი მასალები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქარხნის ისტორიის ეს მონაკვეთი იმდენ საინტერესო მასალებს მოიცავს, რომ მისი გადმოცემა თავისი მოცულობით გამოუსადეგარი იქნებოდა მუზეუმისთვის, ამიტომ მე ძალზე შევზღუდავ თავს და აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე, ჩემი აზრით საინტერესო მომენტს.

ზოგიერთი მონაცემები ჩემი ბიოგრაფიიდან: დავიბადე იმერეთის ერთ-ერთ მშვენიერ სოფელ კვალითში. ბავშვობა ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტერში გავატარე მამიდასთან, რომელიც მონაზვნად იყო აღკვეცილი (შემდეგ იგი მონასტრის წინამძღვარი გახდა).

1926 წელს 13 წლისამ მუშაობა დავიწყე ჭიათურის მარგანეცის გარიმანის კონცესიის კანტორაში შიკრიკად. შემდეგ დავამთავრე თბილისში საფაბრიკო საქარხნო სკოლა ქვითხუროს სპეციალობით. 1938 წელს, საინჟინრო განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დავიწყე მოსკოვში ა. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროში ავიაგამანადგურებელი "იაკების" წარმოების ტექნოლოგად. 18 წელი საავიაციო მრეწველობას ვემსახურე და ჩემი მოკრძალებული შრომა ორი ლენინის ორდენით აღინიშნა: პირველი 1944 წელს მთავრობის სპეციალური დავალების შესრულებისათვის, მეორე 1947 წელს, მოსკოვში პირველი რეაქტიული თვითმფრინავების აღლუმის მომზადებისათვის, მესამე ლენინის ორდენის მიღებას 20 წელი მოუნდა. ბოლოს როცა შევაჯამე ჩემი ნამოღვაწარი შიკრიკობიდან რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტამდე, ამას დავუმატე პენსიაზე გასვლის შემდეგ ვეტერანთა ორგანიზაციაში მუშაობა, ჯამში 68 წელი გამოვიდა.

ჩემი ამ ხანგრძლივი მოღვაწეობის ყველაზე მოსაგონარ და ნაყოფიერ პერიოდად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მუშაობის პერიოდი (1956–1965 წწ.) მიმაჩნია.

1956 წლის მაისში შემომთავაზეს ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორის თანამდებობა ( მაშინ თბილისის პარტიული ორგანიზაციის 26 კომისრების სახელობის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად ვმუშაობდი ) ეს იმას ნიშნავდა, რომ ოჯახით ქუთაისში გადავსულიყავი საცხოვრებლად. თბილისში ბინა ჩამებარებინა ( ასეთი იყო წესი მაშინ ). მეუღლე – ინჟინერ-ელექტიკოსი თბილისში მუშაობდა და ორი ვაჟი სკოლაში სწავლობდა.

გარდა ამისა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელი იყო ის უდიდესი ტექნიკური და სამეურნეო სიძნელეები, რომელთა გადალახვა მომიწევდა, როგორც ქარხნის დირექტორს.

მთელი ჩემი ცხოვრება სამეურნეო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, პარტიული მუშაობა არ მიზიდავდა, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიძნელეების მიუხედავად, შემოთავაზებულ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი.

რა დამხვდა ქარხანაში ?

დამამზადებელ საამქროებში ათვისებული იყო სხმულებისა და ნაჭედობების ძირითადი ნომენკლატურა. ათვისების პროცესში იყო თუჯისა და ფოლადის რთული სხმულები და ნაჭედობანი (ძრავას "ბლოკი", მუხლა ლილვი და სხვა რთული დეტალები). ჭედადი თუჯის საამქროს მშენებლობა დაკონსერვებული იყო. ქარხანას არ ქონდა მძლავრი საწნეხე საამქრო კაბინის დეტალების დაშტამპვისა და აწყობისთვის, ამიტომ კოოპერაციით მოსკოვის "ზის"-იდან ღებულობდა იმ აგრეგატებს, სხმულებსა და ნაჭედებს, რომლებიც ქარხანაში არ მზადდებოდა ან კიდევ ათვისების პროცესში იყო.

ქარხანაში ხდებოდა ნაჭედებისა და სხმულების მექანიკური და თერმიული დამუშავება, აგრეგატების აწყობა და გამოცდა (ძრავი, სიჩქარის კოლოფი, წინა და უკანა ხიდები) და ბოლოს მთავარ კონვეიერზე ავტომობილის საბოლოო აწყობა და გამოცდა, ქარხანას ქონდა საიარაღო საამქრო, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური მუშახელით და მძლავრი ენერგეტიკული ბაზა.

ქარხანას აკლდა კვალიფიციური მუშები, მუშების 50–60% ახლო სოფლებიდან ჩამოჰყავდათ მანქანებით, ბინათმშენებლობა დაბალი ტემპით მიმდინარეობდა. მუშების ნაწილი ქარხნის მშენებლობის დროს აგებულ ბარაკებში ცხოვრობდა. 

სამაგიეროდ ქარხანაში დამხვდა მანქანათმშენებლობისათვის აუცილებელი ინჟინერ-ტექნიკური კადრები: მეტალურგები, ელექტრიკოსები, ლითონის ცივად და ცხლად დამუშავების სპეციალისტები, საუკეთესო კონსტრუქტორები და ტექნოლოგები, რომელთა უმრავლესობას გავლილი ჰქონდა სტაჟირება მოსკოვისა და გორკის საავტომობილო ქარხნებში, ესენი იყვნენ ადგილობრივი კადრები, რომლებსაც მიღებული ქონდათ საინჟინრო განათლება თბილისისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში და განაწილებით ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მოხვდნენ სამუშაოდ.

ქარხანაში ოსტატების და უფროსი ოსტატების, უბნისა და საამქროს უფროსების თანამდებობები ადგილობრივი კადრებით იყო დაკომპლექტებული. ამ სიმდიდრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ქარხნის პირველ დირექტორს, გამოჩენილ ინჟინერსა და მეცნიერს ბორის ბუკიას მიუძღვის.

მიუხედავად ამისა, ქარხანაში მთავარი ინჟინერის, მთავარი ტექნოლოგის, მთავარი კონსტრუქტორის, ტექნოლოგიური და საპროექტო განყოფილებების უფროსების თანამდებობები ჩამოსულ, არაადგილობრივ კადრებს ეკავათ.

მათი შეცვლა ადგილობრივი კადრებით დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მითუმეტეს ჩამოსულებს იწვევდნენ მოსკოვისა და უკრაინის საავტომობილო და მანქანათმშენებელ ქარხნებში სამუშაოდ და კარგ პირობებსაც თავაზობდნენ, ამიტომ კადრების შეცვლის პროცესი უმტკივნეულოდ ჩატარდა.

ახალი დირექტორის უპირატესობა ისაა, რომ მას უფრო ეხმარებიან, ვიდრე შეჩვეულს. 

დაიწყო ფართო მასშტაბის ბინათმშენებლობა, როგორც კომუნალური ისე ინდივიდუალური. ქარხანას გაეწია ერთდროული დახმარება და გადაეცა ქუთაისში სხვადასხვა უწყებების მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლების საკმაოდ სოლიდური ფართობი.

ქარხანაში დაიწყო ახალი საამქროების, პირველ რიგში მძლავრი საწნეხე საამქროს მშენებლობა კაბინის დეტალების დასამზადებლად და ასაწყობად, საინჟინრო კორპუსის მშენებლობა, ენერგეტიკული ბაზის გაფართოება და სხვა.

ყველაზე დიდი პრობლემა ?

პრობლემები არ გვაკლდა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მუშების კვების საკითხი იყო.  საქმე საკვები პროდუქტებით ქარხნის მომარაგება კი არა (ასეთი პრობლემა არ არსებობდა), არამედ მუშების მიერ მაღალკალორიული კერძებძების ყოველდღიური მიღების ჩვევის გამომუშავება. მე კარგად ვიცოდი რით, და როგორ იკვებებოდა იმერეთის სოფლებში ახალგაზრდობა. მათი კვების რაციონი და მენიუ მეტად ღარიბი იყო კალორიულობით: მჭადი, ლობიო, ფხალეული და ბოსტნეული. ხანდახან ყველი და იშვიათად ხორცეული და პირველი კერძები.

ქარხანაში არსებული პროფესიები: მჭედლები, თუჯისა და ფერადი ლითონების ჩამომსხმელები, თერმულ და სხვა მავნე საამქროებში მომუშავენი განსაკუთრებულ კვებას საჭიროებენ მაღალკალორიული ცხიმიანი კერძებით. აუცილებელი იყო ერთი ლიტრი მაღალცხიმიანი რძის მიღება დღეში, რომელიც უფასოდ ურიგდებოდათ მუშებს. ისინი კი რძეს სიგარეტებზე ცვლიდნენ ( რძეს იმერეთის სოფლებში აბა ვინ სვამს ). შეუჩვეველი კერძების მიღება ძალზე გაუძნელდათ მუშებს.  დაავადების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით ქარხნის ბაზაზე არსებული პოლიკლინიკა და 50 ადგილიანი საავადმყოფო, რომლებიც დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, მობილიზებული იქნა და ყოველთვიურად ტარდებოდა მუშების ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება. საბედნიეროდ, ახალგაზრდა მუშებმა არა მარტო შეინარჩუნეს ჯანმრთელობა არამედ გამოიწრთნენ კიდეც და დავაჟკაცდნენ. ამ პრობლემის გადაწყვეტას ხუთი წელი დასჭირდა.

მინდა მოვიგონო ზოგიერთი ფაქტები, რომლებიც უცნობია ფართო საზოგადოებისათვის და რომლებიც საავტომობილო ქარხნის კოლექტივის დიდ შესაძლებლობებში გვარწმუნებს.

სატრაქტორო ქარხანა

საბჭოთა კავშირში პირველი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორი ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში იქნა დამზადებული.

პირველი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა ქუთაისში აშენდა. 

1959 წლის ბოლოს ვასილ მჟავანაძემ წყალტუბოში, სამთავრობო აგარაკზე გამომიძახა. მაჩვენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლადშეძენილი "გრეველის" ფირმის მინიტრაქტორი. ეს ტრაქტორები შეუძენია საკავშირო უშიშროების კომიტეტის მე-9 სამმართველოს ( ამ სამმართველოს განკარგულებაში იყო საბჭოთა კავშირში არსებული ყველა სამთავრობო აგარაკი ) და ერთი ასეთი ტრაქტორი წყალტუბოს სამთავრობო აგარაკზე გამოუგზავნიათ.

ტრაქტორზე მომუშავე მექანიკოსმა პრაქტიკულად გვიჩვენა და შეასრულა მრავალი სასოფლო სამეურნეო სამუშაოები იქვე ადგილზე, აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკიდი მოწყობილობანი ტრაქტორს საშუალებას აძლევდა მოეხნა და დაეფარცხა ნიადაგი, გაეთხარა ორმოები და არხი, ამოექაჩა წყალი, ეწარმოებინა თიბვა, ხის ჭრა, შეშის დახერხვა, 600 კილოგრამი ტვირთის გადატანა და კიდევ სხვა მრავალი შრომატევადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაო.

დათვალიერების შემდეგ ვასილ მჟავანაძემ პირდაპირ დამისვა კითხვა: შეიძლება თუ არა ასეთი ტრაქტორების დამზადება ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში?

მე დავეთანხმე და აღვუთქვი, რომ ქარხანა ერთ წელიწადში ასეთი ტრაქტორების გამოშვებას დაიწყებდა . გადაწყდა თუ რა საკითხი, ტრაქტორი თავის საკიდი მოწყობილობებით დავტვირთეთ საბარგო მანქანაზე და ქარხანაში ჩამოვიტანეთ. იმ დღესვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი კონსტრუქტორებისა და ტექნოლოგებისა, რომელსაც დაევალა სამუშაო ნახაზების შედგენა და სათანადო ტექნოლოგიის დამუშავება ტრაქტორის დეტალების დასამზადებლად.

ერთი წლის შემდეგ ტრაქტორების პირველი ეგზემპლარები დამზადებული და პრაქტიკულად გამოცდილი იყო.

1960 წლის აგვისტოში ვასილ მჟავანაძემ გაგრიდან დამირეკა და მაცნობა, რომ მინიტრაქტორების ნახვა სურდა ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელიც ბიჭვინთაში ისვენებდა. მთელი ღამე გზაში გავატარეთ და დილით მივადექით იმ აგარაკს, სადაც მჟავანაძე ისვენებდა გაგრაში, მასთან ერთად იყვნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მირონ ჩუბინიძე. ხრუშჩოვთან შეხვედრა დღის 12 საათზე იყო დანიშნული. დილის 10 საათზე დიდი მღელვარებით მივადექით ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკს, ხრუშჩოვის მოლოდინში აგარაკის ტერიტორიაზე, მინდორზე დავბანაკდით. დღის პირველ საათზე ნიკიტა ხრუშჩოვი, ვ. მჟავანაძე, გ. ჯავახიშვილი და მ. ჩუბინიძე ჩვენთან მოვიდნენ, ავამუშავეთ ტრაქტორები, ერთ ტრაქტორზე ვ. მჟავანაძე დაჯდა და თიბვა დაიწყო.

ხრუშჩოვს ძალზე მოეწონა ტრაქტორები, შეგვაქო და მირჩია ტრაქტორებისათვის რეკლამა გამეკეთებინა და ბოლოს ხუმრობით მითხრა, რომ იგი ჩემთან ერთად ჩაერთვებოდა ამ რეკლამაში. გაგრიდან კმაყოფილები დავბრუნდით. მუშაობა გაიშალა, საჭირო იყო ცალკე ქარხანა და ესეც მალე გადაწყდა, მთავრობის განკარგულებით ქარხანას გადმოეცა ქუთაისში, საყორიაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომითი კოლონიის ტერიტორია და ბარაკები, სადაც მსჯავრდებულები რკინის საწოლებს ამზადებდნენ. აშენდა მექანიკური და ამწყობი საამქროები. ნაჭედები და სხმულები საავტომობილო ქარხანაში მზადდებოდა. საწარმოო ფართობები აღიჭურვა მანქანა-იარაღებითა და დაზგებით. 

ერთი სიტყვით, ახალი სატრაქტორო ქარხანა სახეზე იყო. დაიწყო ტრაქტორების სერიული წარმოება. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ გზაზე სიძნელეები გადაგვეღობა. საქმე ისაა, რომ წარმოებას სჭირდებოდა საწარმოო გეგმები, მომარაგება და გასაღება და ყოველივე ეს საგეგმო კომიტეტის გარეშე შეუძლებელი იყო. როცა საკითხი მოსკოვში საგეგმო კომიტეტის წინაშე დავაყენეთ, საგეგმო კომიტეტის სათანადო განყოფილების ხელმძღვანელობას გაგონებაც არ სურდა ასეთი, ვიღაცის მიერ წამოყენებული ინიციატივისა. ყველა გვიმტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირში მინიტრაქტორების წარმოება საჭირო არ არისო. ერთი სიტყვით გვითხრეს, როგორც გინდათ ისე იმუშავეთ და ისე გაასაღეთ თქვენი პროდუქციაო. კინაღამ შევეწირე ასეთ ინიციატივას, მაგრამ ვასილ მჟავანაძის ავტორიტეტს ამოვეფარე.

ჭედადი თუჯის წარმოება

თუჯის სხმულების წარმოების ათვისება ძალზე გაძნელდა. განსაკუთრებით რთული სხმულებისა როგორიც იყო ძრავას "ბლოკი" და სხვა რთული დეტალები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთული სხმულების ათვისებაში დიდად დაგვეხმარა ჩემს მიერ მოსკოვის საავტომობილო ქარხნიდან მივლინებით ჩამოყვანილი არკადი ვოლსკი, მაშინ იგი "ზილის" თუჯის საჩამომსხმლო საამქროს უბნის უფროსი ოსტატი იყო.

ქარხანას არ ქონდა ჭედადი თუჯის საამქრო. საამქროს მშენებლობა დაკონსერვებული იყო, ამიტომ ასეთ სხმულებს მოსკოვის ქარხნიდან ვღებულობდით. განვაახლეთ საამქროს მშენებლობა.

აქ არ შეიძლება ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი არ მოვიგონო.

გამდნარი ჭედადი თუჯი რუხი თუჯისაგან განსხვავებით მოითხოვს გადახურებას (რკინისა და ნახშირბადის მნიშვნელოვნად განსხვავებული შემცველობის გამო). გადახურება ტრადიციული ტექნოლოგიით ნახშირის ელექტროდებით ხდება, რაც იწვევს გარემოს გაჭუჭყიანებას. 

საამქროს პროექტში გათვალისწინებული იყო სრულიად ახალი, მანამდე უცნობი ტექნოლოგია გამდნარი ჭედადი თუჯის გადახურებისა. ეს მეთოდი დამუშავებული იყო ლენინგრადის რომელიღაც ინსტიტუტში ომის დროს. 10–15 წლის შემდეგ ქუთაისში მხოლოდ ნახაზები შემოგვრჩა და ზოგიერთი განმარტებანი. ავტორის მონახვა შეუძლებელი გახდა.

ტექნოლოგიით გამდნარი თუჯი "ვაგრანკიდან" ცილინდრულ ჭურჭელში გროვდებოდა, ჭურჭლის გარშემოწერილობანი დაფარული იყო სპეციალური ელექტროგამტარებით. მოკლედ რომ წარმოვიდგინოთ, ეს იყო პრიმიტული "ტოკამაკი". ტექნოლოგიის ათვისების სიძნელეები სახეზე იყო. კონსულტაციებიც გამორიცხული იყო, რადგან საბჭოთა კავშირში ანალოგი არ არსებობდა.

მიუხედავად ამისა ჩვენმა მეტალურგებმა ეს მეტად რთული ამოცანა გადაწყვიტეს და ალბათ პირველად მსოფლიოში.

ოთხღერძიანი ჯავშანტრანსპორტიორი

საბჭოთა კავშირში პირველად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში დაპროექტდა, დამზადდა და საველე გამოცდა გაიარა ოთხღერძიანმა ჯავშანტრანსპორტიორმა.

1958 წლის შემოდგომაზე მოსკოვში ყოფნისას მინისტრმა სტროკინმა საიდუმლოდ გამანდო, რომ ჯავშანსატანკო აკადემიაში დამუშავებულია იდეა, შეიქმნას ოთხღერძიანი ჯავშანტრანსპორტიორი. აკადემიის უფროსი მარშალი როტმისტროვი ეძებს ქარხანას, სადაც შესაძლებელი იქნება აკადემიის ინჟინრებთან და ქარხნის კონსტრუქტორებთან ერთად დაპროექტდეს და დამზადდეს სამუშაო ნახაზები, აგებული იქნას ჯავშანტრანსპორტიორის პირველი ეგზემპლიარები და მოხდეს მათი საველე გამოცდა. მარშალ როტმისტროვთან შეხვედრაზე პრაქტიკულად გადაწყვიტეთ ეს საქმე, დასძინა სტროკინმა.

მეორე დღეს აკადემიაში შევხვდი მარშალ როტმისტროვს. ჯავშანტრანსპორტირის მთავარმა კონსტრუქტორმა გენერალმა ზემალიოვმა მოკლედ გამაცნო ესკიზური მონაცემები. ეს იყო სრულიად ახალი იდეა, რომლის ანალოგი პრაქტიკულად არ არსებობდა. ახალი იყო იდეა იმის შესახებაც, რომ ჯავშანტრანსპორტიორს მოძრაობის დროს შეეძლო გაეტყორცნა რაკეტები თვითმფრინავების წინააღმდეგ.

მანქანას არ გააჩნდა ხიდები. იგი მოძრაობაში მოდიოდა კორპუსის შიგნით გვერდებზე განლაგებული ე.წ. გიტარული გადაცემებით. წინადადება ხელსაყრელი იყო გარდა პრესტიჟისა იმითაც, რომ ქარხნის კონსტრუქტორები და ტექნოლოგები აიმაღლებდნენ კვალიფიკაციას. როტმისტროვის წინადადებას დავთანხმდი.

ქარხანაში შეიქმნა სპეციალური საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროები. მუშაობა გაჩაღდა და ერთი წლის განმავლობაში აიგო პირველი ოთხღერძიანი ჯავშანტრანსპორტიორი, დაიწყო საველე გამოცდა. მუშაობა მიმდინარეობდა სრული საიდუმლოების დაცვით. რესპუბლიკის ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ვ. მჟავანაძე იყო საქმის კურსში. სამუშაოების მიმდინარეობას დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს თავდაცვის სამინისტრო და მინისტრის პირველი მოადგილე მარშალი გ. ჟუკოვი. საველე გამოცდებს ესწრებოდნენ პერიოდულად მარშლები: გ. ჟუკოვი, კ. როტმისტროვი, კ. ვორშილოვი, აკადემიკოსი გენერალ-ლეიტენანტი ბოგონრავოვი და სხვები.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე ქარხანაში აიგო ოთხღერძიანი სატვირთო მანქანების რამდენიმე ეგზემპლიარი. ერთერთი მათგანი ვაჩვენეთ 1961 წელს საქართველოს გასაბჭოების დღესასწაულზე ჩამოსულ ნიკიტა ხრუშჩოვს.

რა ბედი ეწია ჯავშანტრანსპორტიორს ?

ჩემი ქარხნიდან წასვლის შემდეგ ჯავშანტრანსპორტიორის სერიული წარმოება რუსეთის რომელიღაც ქარხანას გადაეცა.

ტოლიატის საავტომობილო ქარხნის მშენებლობა

50-იანი წლების პირველ ნახევარში  დაისვა საკითხი მსუბუქი ავტომობილების მასიური წარმოების შესახებ. ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში განიხილებოდა 1960 წლისათვის მსუბუქი ავტომობილების წარმოების გაზრდა  მილიონ-მილიონ ნახევარ ცალამდე, მაგრამ მხოლოდ 60-იან წლების დასაწყისში დაიწყო ქალაქ ტოლიატიში საავტომობილო ქარხნის მშენებლობა 600–700 ათას ცალზე წელიწადში.

მშენებლობის ბაზად და საბაზო ავტომობილად იტალიის "ფიატის" ფირმა იქნა არჩეული და ამ საქმეს ა.კოსიგინი ჩაუდგა სათავეში.

ხელშეკრულების გასაფორმებლად და საერთოდ, საბჭოთა კავშირში საავტომობილო მრეწველობის ტექნიკური დონის გასაცნობად მოსკოვში ჩამოვიდა "ფიატის" ფირმის დელეგაცია, რომელშიდაც შედიოდნენ: ფირმის მთავარი კონსტრუქტორი, მთავარი მექანიკოსი, ცენტრალური ლაბორატორიის გამგე და ტურინის საავტომობილო ქარხნის დირექტორი. მოსკოვის "ზილის" დათვალიერების შემდეგ დელეგაციის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ. და სრულიად მოულოდნელად მოსკოვიდან დაგვირეკეს, "ფიატის" დელეგაცია ქუთაისში ჩამოჰყავთო. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ქონდა - რა უნდა ენახათ მათ ქუთაისში იმაზე უკეთესი, რაც "ზილში" ნახეს.

ამის მიზეზი მაშინ გავიგე, როცა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მეკავა. მოსკოვიდან საქართველოში "მოსათვინიერებლად" აგზავნიდნენ ყველაზე "ურჩ" და ძნელად მოსავლელ დელეგაციებს. ჩვენი ზღაპრული სტუმართმოყვარეობა და მიღება სასწაულად მოქმედებდა დელეგაციებზე და ეს "ურჩი" და "უხეში" დელეგაციები "მონათლულნი" ბრუნდებოდნენ მოსკოვში.

ახლა კი იმაზე უნდა გვეზრუნა, როგორი მასპინძლობა მოგვეწყო დელეგაციისათვის. დილით ჩამოსულებს დირექტორის კაბინეტში მოუწყვეთ შეხვედრა. ფართო მაგიდა ძლივს იტევდა საქართველოს ხილეულობას (შემოდგომა იყო), ტკბილეულობას, სასმელების კოლექციებს, მოსკოველები გვარწმუნებდნენ, რომ დელეგაციის წევრებს მოსკოვში პირი არ დაუკარებიათ სასმელ-საჭმელზე. მაგიდის სიუხვემ და მრავალფეროვნებამ, ჩვენმა გულწრფელობამ და კიდევ არ ვიცი, რა ძალამ გაალაღა ისინი, ჯერ ნელ-ნელა შეველით ეშხში, კონიაკები დაილია და კარგად შეზარხოშებულები ქარხნის დათვალიერებას შევუდექით. ტურინის ქარხნის დირექტორმა ძრავის საამქროს ერთი გადახედა და ზუსტად განსაზღვრა საამქროს სიმძლავრე - 100 ძრავი დღეში, მითხრა დაბეჯითებით.

სწრაფად გავიარეთ საგანგებოდ გაწმენდილი და დასუფთავებული საამქროები. მუშების გულთბილმა ყურადღებამ (ისინი ქუდს იხდიდნენ და ისე ესალმებოდნენ დელეგაციის წევრებს, ზოგან ტაშიც შეაგებეს) მოხიბლა დელეგაციის წევრები. შემდეგ სადილი და ქეიფი გელათში, ნამდvილი ქართული ქეიფი: დუდუკები და არღანი, ცეკვა და სიმღერები სპეციალურად მოწვეული მომღერლებისა და მოცეკვავეების შესრულებით. მოხიბლული და "მოთვინიერებული" დელეგაცია გვიან ღამით სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვს გაფრინდა. მეორე დღეს მოსკოვში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირში მძლავრი საავტომობილო ქარხნის "ავტოვაზის" მშენებლობას.

ა. კოსიგინს გ. ჯავახიშვილისთვის უკითხავს, ასეთი რა უქენით დელეგაციის წევრებსო.

ქარხნის კოლექტივის წინაშე უამრავი პრობლემა იდგა გადასაწყვეტი. მე მხოლოდ რამდენიმეს შევეხე. არაფერი მითქვამს იმის თაობაზე თუ როგორ შეძლო კოლექტივმა საკუთარი კონსტრუქციის ავტომობილ-გამწევისა და 10 ტონა ტვირთამწეობის ნახევრად მისაბმელის სერიული წარმოება. აქვე მინდა გავაფრთხილო მკითხველი, რომ პრობლემების გადაწყვეტა არც ისე იოლი იყო, როგორადაც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს ჩემს აღწერილობაში.

ქარხნის კოლექტივის სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ მან თავი გაართვა უამრავ სიძნელეს, ზოგჯერ თითქოს გადაულახავს. ამ სიძნელეებთან ბრძოლაში ჩამოყალიბდა და გამოიჭედა შესანიშნავი კადრები, რომლითაც უნდა იამაყოს ქვეყანამ.

"კადრები წყვეტენ ყველაფერს" ეს ლოზუნგი გამოსადეგია ყველა დროისა და ეპოქისთვის, ყველა საქმისთვის. სხვათა შორის, იაპონიაში ერთადერთი ლოზუნგი მოქმედებს და ხორციელდება პრაქტიკულად,  ეს ლოზუნგია "კადრები წყვეტენ ყველაფერს". იგი გამოკრული აქვთ თვალსაჩინო ადგილებზე, რაც  განცვიფრებას იწვევდა თავის დროზე საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ დელეგაციებში. ჩვენ დავივიწყეთ ის, რითაც წინ მივიწევდით.

ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში გამოიზარდნენ კადრები, რომლებიც დაწინაურდნენ რესპუბლიკის მასშტაბით და გახდნენ საქართველოს მანქანათმშენებლობის საწარმოთა ხელმძღვანელები. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა (ალბათ მუზეუმში დაეთმობათ მათ სათანადო ადგილი). მე მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან: ქარხნის მთავარ ინჟინერს დიმიტრი ქართველისვილს შემდგომში რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა. დირექტორის მოადგილე ოთარ ბოჭოიძე რესპუბლიკის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კადრების სამი თაობა უდიდესი განძია საქართველოსთვის. კოლექტივს შესწევს უნარი თავი გაართვას საავტომობილო მრეწველობას მსოფლიოს სტანდარტების დონეზე.

საჭიროა ამ კადრების მოფრთხილება და მათი დროული დასაქმება. ღმერთმა ნუ ქნას, დაიკარგოს ეს ფასდაუდებელი საუნჯე.

შალვა კიკნაძე

No comments:

Post a Comment