ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოში

 70-იან წლებში საქართველოში ᲐᲔᲡ-ის აშენება გადაწყდა. მიმდინარეობდა სადგურის დაპროექტება როსტოვის საპროექტო ინსტიტუტის მიერ. მთელი სიძნელე იმაში მდგომარეობდა, რომ ᲐᲔᲡ-ის მშენებლობისათვის შესაფერისი ადგილის გამონახვა ძალზე გაძნელდა და გაჭიანურდა. სანიტარული ნორმების მიხედვით მჭიდროდ დასახლებული ქალაქიდან 60 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში ᲐᲔᲡ-ის მშენებლობა აკრძალული იყო. თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებულ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთით რაიონების სეისმურობა 8-ბალიან ზონაშია მოქცეული; ჩრდილოეთი მთაგორიანია და უწყლო, დასავლეთ საქართველოში ატომური სადგურის მშენებლობისთვის შესაფერი ადგილი გალის რაიონში აღმოჩნდა,ენგურჰესის მიდამოებში. მაგრამ ამ ვარიანტს სხვადასხვა მოსაზრებით უარი ეთქვა, ამიტომ ᲐᲔᲡ-ის მშენებლობისათვის ადგილის ძებნა საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონებში დაიწყო. წითელწყაროს რაიონში, ტარიბანადან 20 კილომეტრის დაშორებით, აზერბაიჯანის ტერიტორიის ახლოს შეირჩა ადგილი, რომელიც სადგურის მშენებლობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა: ახლო იყო რკინიგზასთან, რაიონში ხელოვნური წყალსაცავი შექმნებოდა, რომლის გამოყენება შეიძლებოდა ატომური სადგურისათვის, აშენდებოდა ქალაქი 30 ათასი მცხოვრებისათვის, გაგრძელდებოდა რკინიგზა, აშენებდოდა გზები. ატომური ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემდა საგარეჯოს რაიონში აგვეშენებინა I,2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის წყალსაცავი მტკვრის გადაქაჩვის საშუალებით, როცა მტკვარი უხვწყლიანია. ეს უხვი წყალი გამოუყენებელია საქართველოსათვის. მტკვარსდა მის შენაკადებს 25-27 მილიარდი კუბური მეტრი წყალი ჩააქვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აქედან საქართველო 300-500 მილიონ კუბურ მეტრამდე იყენებს მხოლოდ, მაშინ როცა აზერბაიჯანმა I8 მილიარდი კუბური მეტრი წყალი გამოიყენა მიწების მორწყვისა და სხვა საჭიროებისთვის.

ატომური სადგურის მშენებლობaს წინ აღუდგა აზერბაიჯანის მთავრობა. ევროპაში არსებობს ატომური ელექტროსადგურები შვეიცარიის,ბელგიის და საფრანგეთის საზღვრისპირა რაიონებში და ეს არავითარ გაუგებრობას არ იწვევს, ჩვენში კი ამან გართულება გამოიწვია.(საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურების მიერ გამოშვებული ელექტრო ენერგია მთელი ენერგორესურსების 70% შეადგენს). საქმეში მოსკოვი ჩაერია და ადგილზე შესწავლის მიზნით საქართველოში ჩამოვიდა მთავრობის კომისია.

ენერგოკრიზისმა, რომელიც 60 წლების დასასრულს დაიწყო, დიდი არეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოში, კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა. მაშინ საბჭოთა კავშირი არაბული ქვეყნების დიდი ქომაგი და დამცველი იყო.ნავთობმომპოვებელი  ქვეყნების გაერთიანება საბჭოთა კავშირის დაზვერვამმ ოაწყო. საბჭოთა კავშირს აწყობდა ნავთობზე ფასების აწევა, რადგან სახელმწიფოს ძირითადი საექსპორტო შემოსავალი ნავთობპროდუქტების ექსპორტი იყო  და 1518 მილრდ დოლარს შეადგენდა წელიწადში. კრიზისი უბმიზეზოდ დაიწყო, სულ რაღაც ორ წელიწადში, 1970 - 1972 წლებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 1,5 დოლარიდან 35- 40 დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკური კრიზისი კაპიტალისტურ ქვეყნებში თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კაპიტალიზმი ის აღარ იყო, რაც 30-იან წლებში. პირველ რიგში ამერიკამ დააღწია თავი კრიზისს. შეერთებული შტატები ყველაზე 

დიდი მომხმარებელი იყო ნავთობპროდუქტებისა და ხარჯავდა იმდენს, რამდენსაც დასავლეთ ევროპა და იაპონია ერთად აღებული. ამერიკში ორჯერ მეტ ნავთობპროდუქტებს ხარჯავდა გამოშვებული პროდუქციის ერთეულზე, ვიდრე გერმანიასა და იაპონიაში. რაც შეეხება ეკონომიას, ამერიკელები თავს არ იწუხებდნენ, რადგან იაფი ნავთობის ეკონომიაზე გაწეული ხარჯები უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მიღებული ეფექტი. უნდა აღინიშნოს, ამერიკამ სულ რაღაც ხუთ წელიწადში თავი გაართვა ამ რთულ საქმეს და ნავთობის ხარჯი ორჯერ შეამცირა. არც ის გამართლდა, რომ 10 - 15 წელიწადში ნავთობის მარაგები კატასტროფიულად შემცირდებოდა. 

ამ პერიოდში ნავთობპროდუქტების ეკონომიის ერთ ერთი გადამწყვეტი საშუალება  ატომური ენერგეტიკა იყო და დაიწყო ატომური სადგურების მშენებლობის ბუმი ყველგან, ევროპაში, ამერიკაში და საბჭოთა კავშირში. ეს ბუმი ჩერნობილმა შეწყვიტა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩერნობილის ტიპის ᲐᲔᲡ-მა, რომელიც დანერგილ იქნა საბჭოთა კავშირში, როგორც ატომური სადგურების მშენებლობის ტექნიკური სიახლე, პრაქტიკულად არ გაამართლა. ᲐᲔᲡ-ის ექსპლოატაციის მოჩვენებითმა სიმარტივემ ძალზე შეასუსტა მისი უსაფრთხოება, სწორედ ამ მიზეზით მოხდა ის უბედურება, რომელიც ჩერნობილის ავარიამ გამოიწვია.

ატომური სადგური, რომელიც საქართველოსთვის პროექტდებოდა, მსოფლიო სტანდარტების დონისა იყო. საქართველოში სადგურის  მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა წერილი ე. შევარდნაძის სახელზე. იმ დროს, 1980 - 1983 წლებში ევროპაში ორი ატომურისადგური აშენდა რეაქტორის მიწისქვეშა განლაგებით. მიწისქვეშა სადგურს მრავალმხრივი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, გაცილებით უსაფრთხოა მიწისზედა განლაგებასთან შედარებით, რადგან ავარიის შემთხვევაში მიწისქვეშა სადგური სარკოფაგში ექცევა. საგრძნობლად შემცირებულია სანიტარული ნორმები. სამხედრო თვალსაზრისითაც - მიწისზედა განლაგების სადგურს დაბომბვისას "ბინძური ბომბის" როლი შეუძლია შეასრულოს, რაც გამორიცხულია მიწისქვეშა კონფიგურაციისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით მშენებლობაზე გაწეული ზედმეტი ხარჯები ანაზღაურებული იქნებოდა. 

ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვქონდა მიწისქვეშა სადგურების მშენებლობაში, საქართველოში უმრავლესი ᲰᲔᲡები ხომ მიწისქვეშაა განლაგებული. რა თქმა უნდა ᲰᲔᲡს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ სამშენებლო ტექნიკის გამოყენების და ზოგადად, კადრების გამოცდილება დიდად შეამსუბუქებდა მიწისქვეშა ᲐᲔᲡ-ის მშენებლობას. 

ერთი გარემოებაც დაემთხვა - ერაყის ატომური რეაქტორის დაბომბვის ფაქტი.  როგორც ცნობილია,  ისრაელის ავიაციამ დაბომბა ერაყის ᲐᲔᲡ-ის მშენებლობა და რეაქტორი მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინმა დაიტრაბახა ატომური ბომბით. (საგულისხმოა, რომისრაელის ავიაციამ მთელი მშენებლობა და ატომური რეაქტორი ისეგაანადგურა რომ ერთი კაციც არ დაზარალებულა). სადამ ჰუსეინი იძულებული იყო ატომური სადგური მიწისქვეშ გადაეტანა, ამ მიზნით მან საბჭოთა კავშირს შეუკვეთა ასეთი სადგურის დაპროექტება. ლენინგრადის საპროექტო ინსტიტუტმა შეასრულა ჰუსეინის შეკვეთა. ჩვენი საპროექტო ინსტიტუტის

ხელმძღვანელობასთან ერთად ეს პროექტები თბილისში ჩამოვიტანეთ და დავიწყეთ ამ პმისი გამოყენება ჩვენი მიწისქვეშა ᲐᲔᲡ-ის დასაპროექტებლად, მშენებლობის ადგილად წალკის რაიონი ავირჩიეთ – წალკისა და ფარავანის წყალსაცავებთან. ეს ადგილი მართლაც უნიკალურია. ფარავანისა ტბასა და წალკის წყალსაცავს შორის დონეთა სხვაობა თითქმის ათასი მეტრია. ამ ორი წყალსაცავის გამოყენება უნიკალურ საშუალებას იძლევა აშენდეს 10 მილიონი კილოვატის სიმძლავრის ჰესების კასკადი, ხოლო ფარავანის ტბა და წალკის წყალსაცავი გამოყენებული იქნას როგორც ჰიდროაკუმულატორი. ამ სისტემაში ᲐᲔᲡ-ის ჩართვა იდეალური იქნებოდა. ღამის განმავლობაში, როცა ელექტროენერგიაზე ნაკლები მოთხოვნილებაა ᲐᲔᲡ-ის მიერ გამოშვებული ელექტრო ენერგიის საშუალებით მოხდებოდა კასკადის ჰესების ტურბინებით წალკის წყალსაცავიდან წყლის აქაჩვა ფარავნის ტბაში, ხოლო დღისით ფარავანის ტბაში აქაჩული წყლით კასკადის ჰესები იმუშავებენ როგორც პიკური დატვირთვის ჰიდროსადგურები. ამ ბუნებრივი უნიკალური განლაგების წყალსაცავების ანალოგიური ხელოვნური განლაგების მოწყობა მილიარდი დოლარი დაჯდებოდა. 

გარდა ზემოთჩამოთვლილი სიკეთეებისა, საგულისხმოა ისიც, რომ მიწისქვეშ ყოველ 100 მეტრის სიღრმეზე სეისმურობა ერთი ბალით მცირდება. როგორც ცნობილია წალკის რაიონი მაღალი სეისმურობით გამოირჩევა, ამიტომ ატომური სადგურის მიწისქვეშ მშენებლობა სეისმურობას სიღრმის შესაბამისად შეამცირებდა.

ერთი სიტყვით ᲐᲔᲡ-ის მშენებლობისთვის არჩეული ადგილი ყოველმხრივ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი დაიწერა ე. შევარდნაძის სახელზე, სულ 2,5 გვერდზე. ანალოგიური წერილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს დ. ქართველიშვილს გაეგზავნა. 

ორიოდე სიტყვა დიმიტრი ქართველიშვილზე: სიტყვამ მოიტანა, თორემ ამ კაცის შესახებ რაიმე დადებითის ან უარყოფითის წერა უბრალოდ დროის კარგვაა. ბევრი რამ კარგი გავუკეთე ქართველიშვილს ქუთაისში ჩემი მუშაობის პერიოდში. დავნიშნე საავტომობილო ქარხნის მთავარ კონსტრუქტორად. როცა მოსკოვში მივდიოდი მივლინებაში, თან მიმყავდა. გარეგნული შეხედულება ვაჟკაცური ქონდა, ცოლად სოხუმელი აფხაზი ქალი მოიყვანა, სიდედრი ვერ შეეგუა ამას და ორი კვირის შემდეგ ქალი ჩუმად მოიტაცა და სოხუმში წაიყვანა. მე ვცდილობდი შერიგებას, რადგან ქართველიშვილი დიდად განიცდიდა მეუღლის გაქცევას. ამ მიზნით სოხუმშიც კი წავედი და ქართველიშვილიც თან წავიყვანე. დედაშვილი დაგვემალა.  ჩვენ მთელი ღამე ველოდით მათ, მაგრამ არ გამოჩნდნენ.  დილით იმედგაცრუებულები ხელცარიელი დავბრუნდით ქუთაისში. 

როცა თბილისში გადმომიყვანეს, ქართველიშვილი ქარხანის მთავარ ინჟინერად დავტოვე. შემდეგ იგი ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე გახდა. ხაბეიშვილმა ქუთაისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად დანიშვნის შემდეგ ქართველიშვილთან მუშაობა არ ისურვა და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გივი ჯავახიშვილს ვთხოვე, ქართველიშვილი მინისტრთა საბჭოში აგვეყვანა სამუშაოდ და ავიყვანეთ კიდეც განყოფილების გამგედ. ერთხელ შევარდნაძემ დამირეკა, რას იტყვი, ქართველიშვილი სახალხო კონტროლში მოადგილედ რომ გადავიყვანოთო. მე ვურჩიე, მისი გამოყენება საგეგმო კომიტეტში უფრო

 ნაყოფიერი იქნებოდა-თქო და ასეც მოხდა - მალე საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ერთი სიტყვით ამ პერიოდში იგი ჩემს მიმართ უაღრესად კორექტული და დიდად მადლიერი იყო - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა. პატარიძის გარდაცვალების შემდეგ ქართველიშვილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. შევარდნაძის ეს გადაწყვეტილება იმას ემყარებოდა, რომ ქართველიშვილი თავისი მონაცემებით ვერავითარ მეტოქეობას ვერ გაუწევდა პირველ მდივანს.

ტოლსტოის ერთი შესანიშნავი გამოთქმა აქვს. ადამიანი წილადს ჰგავს: მრიცხველი თვითონ ადამიანია თავისი მონაცემებით, ხოლო მნიშვნელში საკუთარ თავზე წარმოდგენაო. 

გენიალურია: რამდენადაც დიდია საკუთართავის თავზე წარმოდგენა, იმდენად მცირეა ადამიანის ინტელექტუალური და ზნეობრივი წონა. 

ქართველიშვილი გადარია თანამდებობამ, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა და  დედამიწა ქალამნად. გადიდგულდა და ყველაზე ჭკვიანად წარმოიდგინა თავი.

კვლავ ᲐᲔᲡ ის შესახებ. შევარდნაძე ჩემ წერილს დიდი გულისყურით მოეკიდა. ამ წერილის საფუძველზე გაიმართა ჩვენ შორის ხანგრძლივი საუბარი. დარწმუნდა რა ჩემი არგუმენტების სისწორეში, ქართველიშვილს დაავალა ამ საკითხის მომზადება სერიოზული და საქმიანი განხილვისათვის. ქართველიშვილი ძალიან გაბრაზდა ჩემი წერილის გამო და წერილს მეტად უხამსი რეზოლუცია დაადო და ატომური სადგურის მიწისქვეშა ვარიანტი დაასამარა. 

ზემოთ დამავიწყდა მეთქვა: ჩემი აკვიატებული თუ ნორმალური აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ 65 წლის ასაკში თავი დამენებებინა მაღალი სახელმწიფო თანამდებობისათვის, გავცულიყავი პენსიაში და რიგითი სამუშაო შემესრულებინა, ეს აზრი იცოდნენ ჩემი ოჯახის წევრებმა და შეგუებულები იყვნენ. გარდა ამისა, გადასაწყვეტი მქონდა ბინის საკითხი: სამი ოჯახი ვცხოვრობდით ერთ ბინაში. და სვიდრე მაღალი თანამდებობა მეკავა, ბინის მიღება უხერხულად მეჩვენებოდა, ამიტომ პენსიაზე გასვლაც ბინის საკითხს დაუკავშირე. პირველი საუბარი ამ თემაზე შევარდნაძესთან უშედეგოდ დამთავრდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ შევარდნაძის მითითებით შეიქმნა ც.კ.და მინისტრთა საბჭოსთან მუდმივმოქმედი კომისია რომლითაც საქართველოში ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე იმუშავებდა, მე შემომთავაზეს ამ კომისიის თავმჯდომარეობა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარედ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფნა ხელსაყრელი იქნებოდა ჩემთვისაც და კომისიის ავტორიტეტისთვისაც. მე შევასრულებდი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას და კომისიის ყველა სამუშაოს, ხოლო ჩვენ ოქმებს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე – ამავე დროს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მოაწერდა ხელს, მინისტრთა საბჭოს განკარგულების ძალა ექნებოდა რაც დიდად გაგვიადვილებდა მუშაობას. მართლაც ყველაფერი ასე გადაწყდა და გაამართლა კიდეც დანიშნულება.

როგორც ზემოდ აღვნიშნე, პატარიძის გარდაცვალების შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ქართველიშვილმა დაიკავა.1979 წლის იანვარში პენსიაში გავედი. შევარდნაძისა და პატარიძის დახასიათებით და დახმარებით ჩემი პენსიის რაოდენობა მაქსიმალურით  განისაზღვრა, რისი დანიშვნის უფლებაც ჰქონდა საკავშირო მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საპენსიო კომისიას. 

საჭირო იყო ქართველიშვილი ჩადგომოდა სათავეში ენერგეტიკის კომისიას. ამ საკითხზე მქონდა პირველი შეხვედრა ქართველიშვილთან. პირველ რიგში მივულოცე დაწინაურება და ბშემდეგ კომისიის მუშაობაზე მოვახსენე. შეხვედრა გამოდგა მეტად გულცივი და ზედმეტად ოფიციალური, რაც შეეხება კომისიის მუშაობას, მან პირდაპირ მითხრა - იქნებ არც იყოს საჭირო ასეთი კომისიის არსებობაო, მოვიფიქრებ და შემდეგ გაცნობებთო, თუმცა კომისიის მუშაობა ისეთ ფაზაში იყო შესული, რომ მუშაობის შეწყვეტა რესპუბლიკაში ენერგეტიკის განვითარებას შეაფერხებდა. ცკ-ს მაშინდელ განყოფილების გამგეს, ბეგლარ მახარაშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ კომისიის თავმჯდომარის საკითხი ჭიანურდებადა საჭიროა ც.კ. დადგენილება კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე. მახარაშვილმა მითხრა,რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე საჭირო არ არის და თქვენ რას იტყვით იმაზე, რომ კომისიის მდივნად გაგაფორმოთო. მე თანხმობა მივეცი, თან ავთხოვე ეთქვა თუ საიდან მოდიოდა ეს წინადადება. ბეგლარმა პირდაპირ მითხრა - ქართველიშვილი  შენი გვარის გაგონებაზე შოკში ვარდებაო. 

ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მეც კინაღამ შოკში ჩავვარდი. ასე იყო თუ ისე, კომისიამ მუშაობა გააგრძელა. ამ სიტუაციაში დაიწერა შევარდნაძის სახელზე ის წერილი რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ და ის უხამსი რეზოლუცია, რომელიც ქართველიშვილმა ჩემს წერილს დაადო., რამაც ეს იდეა დაასამარა.

ზურაბ პატარიძის შესახებ

როგორც ზემოთ აღვნიშნე კახეთში ᲐᲔᲡ-ის მშენებლობის საკითხზე მოსკოვიდან კომისია ჩამოვიდა. წინანდალში წავედით. იქ თათბირს პატარიძე ატარებდა. ამ მიზნით იგი გურჯაანიდან უნდა ჩამოსულიყო. იმ დღეს გურჯაანში კახეთის ზონის თათბირი იყო დანიშნული შევარდნაძის მიერ. გურჯაანში თათბირმა საღამომდე გასტანა და საღამოს 7 თუ 8 საათი იქნებოდა, როცა პატარიძე წინანდალში ჩამოვიდა. 

ჩატარდა თათბირი. მეორე დილით ჩვენ ვერტმფრენით წითელწყაროს რაიონში უნდა გავფრენილიყავით და მოსკოვის კომისიას პროექტანტებთანთან ერთად უნდა დაგვეთვალიერებინა ადგილი ᲐᲔᲡ-ის მშენებლობისთვის. თათბირის შემდეგ გაიმართა ვახშამი. პატარიძეს ვერ ვცნობდი -  დიდი მოუსვენრობა ეტყობოდა, ღვინოს ეძალებოდა, ჩემს მიმართმართ არაკორექტური გამოხტომებით: მე ვურჩევდი ამ ღამეს დარჩენას წინანდალში და დილით ადრე თბილისში წასვლას, პატარიძე და შევარდნაძე მეორე დღეს ქუთაისში აპირებდნენ თვითმფრინავით გაფრენას, საავტომობილო მრეწველობის მინისტრთან ერთად, რომელიც თბილისში დილით ჩამოფრინდებოდა მოსკოვიდან. ვახშამი გაგრძელდა ღამის ორ საათამდე, პატარიძე ისევ განაგრძობდა თამადობას. ჩემ რჩევას აგრესიულად პასუხობდა - "გამოვედით შენი აპეკიდანო" და მეც თავი დავანებე. ღამის 2 საათი იქნებოდა – პატარიძე და ბუაძე (საქმმომარაგების მმართველი) მანქანაში ჩასხდნენ. პატარიძე მძღოლის გვერდით, ბუაძე მანქანის უკანა დასაჯდომზე, მძღოლის მხარეს. პატარიძეს ძალიან უყვარდა მანქანის ჩქარი სიარული, მძღოლი გავაფრთხილე, დიდი სიჩქარით არ ევლო. თელავის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც იქ იყო, გავაფრთხილე იქნებ მოტოციკლეტით გაეცილებინა საგზაო მილიციას. მდივანი შემპირდა, რომ ამას გააკეთებდა. ხუთი წუთის შემდეგ საქენერგოს მმართველი ჭედია და მმართველის თანაშემწე თოფურია ჭედიას მანქანით უკან გაჰყვნენ პატარიძეს. ჩვენ წინანდალში გავათიეთ ღამე. დილით 8:30 სთ-ზე კომისიის წევრები, პროექტანტები, მე და მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე მეძმარიაშვილი, ვერტმფრენში ვისხედით წითელწყაროში გასაფრენად.ამ დროს მეძმარიაშვილი გამოიძახეს და დაბრუნებისას მითხრა: თელავის რაიკომის პირველმა მდივანმა, რომელიც თელავიდან ჩამოვიდა გადმომცა თქვენთვის მეცნობებინა, რომ დილის 4 საათზე – გზაში მიმავალი პატარიძის მანქანა საბარგო მანქანის მისაბმელს დასჯახებია და პატარიძე სასიკვდილოდ დაშავებულაო.

ყველამ ძალზე მწვავედ განიცადა ეს ამბავი და ხასიათი წაგვიხდა. მთელი მგზავრობა იმას ვფიქრობდი, საიდან იცოდა თელავის რაიკომის მდივანმა დაწვრილებით ავარიის შესახებ, ავარია ხომ თელავის რაიონში არ მომხდარა. თბილისში დაბრუნებისას, საღამოს 7 საათი იქნებოდა, მინისტრთა საბჭოში დავრეკე. მორიგემ მაცნობა: პატარიძე გარდაიცვალაო. 

ვეცადე აღმედგინა, როგორ მოხდა ყველაფერი ეს, მაგრამ დასკვნა მაინც ვერ გავაკეთე, რადგან ჩემთვის ბევრი რამ გაურკვეველი იყო. ვერ დადგინდა, რატომ იყო გზა გადაღობილი. ვერ დადგინდა, ვინ ჩამოიყვანა პატარიძე და ბუაძე თბილისში (ვიღაცის "მასკვიჩით"). 5 თუ 10 წუთის მერე პატარიძის მანქანას უკან გაჰყვა ჭედია, რომელთაც გზაში ავარიის მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ. 

რატომ არ გაკეთდა სასწრაფოდ ოპერაცია, რატომ დაგვიანდა ოპერაცია 10–12 საათით, ავარიაში მოყოლილი პატარიძე ხომ თავის ფეხით ავიდა "არამიანცის" საავადმყოფოს მეორე სართულზე და კიდევ რამდენი რატომ? გამოძიების მასალებიიმდენად უსუსურია, რომ ძალუნებურად დაგებადება ეჭვი - განგებ ხომ არ განხორციელდა ეს ე.წ. "ავარია" ?

No comments:

Post a Comment